„დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალოდ 2.5 მილიონ მგზავრზეა გათვლილი. თუმცა აქტიურად ვმუშაობთ მის გაფართოებაზე, რათა ახლო მომავალში გაზრდილ მოთხოვნას სათანადოდ დავხვდეთ", - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იგეგმება არა მხოლოდ სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაც, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს წელიწადში საშუალოდ 5 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფაქტობრივად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, როგორც ლოკაციურად, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ ფრენების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - განაცხადა მოსეშვილმა.
დღეს, 28 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახსნიდან 14 წლის იუბილეს აღნიშნავს. უწყებამ ასევე გამოაქვეყნა აეროპორტის წლევანდელი სტატისტიკური მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტმა 1.22 მილიონზე მეტი მგზავრი და 3 400-მდე რეისი მიიღო.
























