მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდებში უმუშევრობა კვლავ ყველაზე მაღალია და 30%-ს აჭარბებს

5ec2588807911
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.20 14:38
2114
2019 წელს საქართველოში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის დონე - 11.6% დაფიქსირდა, -  ამის შესახებ ინფორმაციას (PDF დოკუმენტი) სტატისტიკის ეროვნული სამსახური არვცელებს. 2018 წელს უმუშევრობა 12.7%-ზე იყო, 2017 წელს კი - 13.9%-ზე.

თუმცა, ამ შემცირების მიუხედავად, ყველაზე მაღალი უმუშევრობა კვლავ ახალგაზრდების ჯგუფში ნარჩუნდება და ის 20-24 ასაკობრივ კატეგორიაში 30.5%-ა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების ერთი მესამედი უმუშევარია.

25-29 წლის ჯგუფში უმუშევრობა 18.5%-ს შეადგენს.


საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის შემცირებაზე გავლენა მოახდინა ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებამ. 2019 წლის მდგომარეობით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით 62.9%-ს შეადგენდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 63.9% იყო. 

ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების მთავარი ფაქტორი იყო არა დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობის ზრდა, არამედ მოსახლეობის იმ ჯგუფის მოცულობის შემცირება, რომელთან მიმართებითაც უმუშევართა რაოდენობა იანგარიშება. ჯამურად, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა გასულ წელს 28,700 ადამიანით შემცირდა და 1,911,200 შეადგინა. 

საქსტატის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის ზრდის ნაცვლად, მათი შემცირება დაფიქსირდა. გასულ წელს დასაქმებულად სულ 1,690,200 ადამიანი ითვლებოდა. 2018 წელს დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა ამაზე 4,000-ით მეტს შეადგენდა და 1,694,200 იყო.

საქსტატის მიხედვით, მცირედით შეიცვალა თანაფარდობა თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით დასაქმებულებს შორის. კერძოდ კი, 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულები მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობაში 50.3%-იან წილს, ხოლო თვითდასაქმებულები კი 49.7%-ს შეადგენდნენ. 

სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 5.5%-ია, ქალაქად კი ოთხჯერ მეტი, 17.4%, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების (კვებითი გასამრჯელო და სხვა) მიზნით მუშაობდნენ, დასაქმებულებად ითვლებიან. 

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი უფროსი ადამიანი, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს.

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს.

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო.

თვითდასაქმებულთა უდიდესი ნაწილი სწორედ სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული.