მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მშენებლობები გამწვანების გარეშე აღარ დამტკიცდება - გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება?

61b8ad26b255a
სალომე მეცხვარიშვილი
15.12.21 00:00
1127
ახალი მშენებლობები გამწვანების გარეშე აღარ დამტკიცდება. რეგულაცია თბილისში უკვე მოქმედებს, შესაბამისად, კომპანიებს სანებართვო დოკუმენტაციასთან ერთად დამტკიცებული გამწვანების პროექტის წარდგენაც უწევთ. აღნიშნული რეგულაცია მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს რეგიონებზეც, გავრცელდება. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ავტორებიც უმრავლესობის წევრები არიან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო ნებართვის განაცხადს თან უნდა ახლდეს შეთანხმებული გამწვანების პროექტი, მისი ფართობი, მწვანე ნარგავების სახეობების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ისეთ დეტალებამდე, როგორებიცაა გარშემოწერილობა, მათი სიმაღლე და ა.შ. აგრეთვე კომპანიამ უნდა მიუთითოს, ვინ იქნება გამწვანების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი და როდის არის პროექტის დასრულების ვადა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი მაია ბითაძეა. როგორც ის “საქმის კურსთან” განმარტავს, თბილისში აღნიშნული რეგულაცია დაახლოებით 2 წლის წინ შევიდა ძალაში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ცვლილებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, დღეს კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთეს დენდროლოგიურ პროექტს წარადგენს.

ბითაძე ამბობს იმასაც, რომ რეგულაციას კომპანიების ხარჯებზე გავლენა ექნება, მაგრამ მათი დაბალანსება პროექტის კონკურენტუნარიანობას შეუძლია, რამდენადაც გამწვანებულ სივრცეებზე დღეს მოთხოვნა მოქალაქეებსაც აქვთ.

“ეს არ არის დაკავშირებული ისეთ ფინანსურ დანახარჯებთან, რომელმაც შესაძლოა ეფექტი იქონიოს თვითონ მშენებლობის პროცესზე. მეორე მხრივ, ცვლილება აუცილებელია თითოეულ ქალაქში ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენისთვის.

დღეს უკვე კონკურენციაა თბილისში, ვინ უფრო კარგ დენდროლოგიურ პროექტს მოამზადებს და ჩააბარებს მყიდველს.

ფინანსური დანახარჯს, რაც უნდა იყოს დეველოპერის მხრიდან, გადაწონის ობიექტისა და მისი გამწვანებული ეზოების მსყიდველუნარიანობა”,- აცხადებს მაია ბითაძე.

მისივე თქმით, თბილისის მსგავსად თითოეული რეგიონისთვის დამტკიცდება ხე-მცენარეების ჩამონათვალი, რომლებიც ავთენტურია კონკრეტული ლოკაციებისთვის და გამწვანების პროექტებში მხოლოდ მათი გამოყენება იქნება შესაძლებელი.

გამწვანების სავალდებულოობას მიესალმებიან კომპანია “არსიში”, რომელიც თბილისში ისედაც ამ კონცეფციით მუშაობს. თუმცა ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში გამწვანების შეთანხმება და შემდეგ პროექტში ცვლილებების შეტანა პროცესებს აჭიანურებს.

“აქამდე თუ გარკვეული თავისუფლება გვქონდა და დენდროპროექტში კომპანია არჩევდა ამა თუ იმ მცენარეს, დღეს სტანდარტი არსებობს და დენდრო პროექტი მერიის მიერ დადგენილ სტანდარტში უნდა ჩაჯდეს, რომელიც დადგენილია ამა თუ იმ ზონისთვის. ესეც სწორი მიდგომაა, რადგან სტანდარტი შემუშავებულია იმის მიხედვით, სად რა ხარობს.

თუმცა მეორე მხარეც აქვს ამას - გარდა დენდრო პროექტისა, თუ გადარგვა ან დარგვა გინდა ახალი ხე-მცენარის - აქაც შეთანხმება გიწევს, ლოდინი მერიისგან და ა.შ. რაც ვადების გახანგრძლივებას იწვევს”,- აცხადებს “არსის” გენერალური დირექტორი ბესიკ ორთოიძე.

მისივე თქმით, ზოგადად ქვეყანაში ერთიანი სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კითხვას, გააძვირებს თუ არა უძრავ ქონებას ახალი ცვლილებები, ბესიკ ორთოიძეს პროგნოზირება უჭირს. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია პროექტის კონცეფციაზე, რამდენად არის ორიენტირებული გამწვანებაზე.

აჭარაში მოქმედ სამშენებლო კომპანიაში “მარდი ჰოლდინგი” დაანონსებული ცვლილებები მოსწონთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბათუმში ისედაც მცირე ფართობებია, რის გამოც გამწვანებები ეზოების ნაცვლად, შესაძლოა სახურავებზე მოაწყონ. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი რეგულაცია ფასებზე აისახება, თუმცა, არც ისე ტრაგიკულად.

“ვფიქრობ, კანონის გამკაცრება დამატებით ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ ეს ჩვენი ქალაქებისთვის აუცილებელია.

რა თქმა უნდა, ფასში ეს ყველაფერი აისახება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფინანსური ხარჯი გადანაწილდება ასობით მოსახლეზე, კატასტროფული მატება არ იქნება”,- აცხადებს “მარდი ჰოლდინგის” აღმასრულებელი მენეჯერი ნათია სირაბიძე.

სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს გამწვანების პროექტის წარდგენა თბილისში სავალდებულო 2019 წლიდან გახდა. კანონპროექტის მიხედვით, ახალი რეგულაცია ქვეყნის მასშტაბით ძალაში 2022 წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს. მაია ბითაძის თქმით, კანონის ძალაში შესვლამდე კომპანიებს და მუნიციპალიტეტებს 6-თვიანი ვადა მიეცემათ.

გამწვანების შესახებ კანონპროექტის ინიციატორები მაია ბითაძესთან ერთად არიან: ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე და დავით კაჭარავა.