მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

61b7358f5be1b
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.21 16:06
913
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოცდაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

ასევე, ონლაინ-თამაშების ოპერატორებისთვის სრულად იცვლება საგადასახადო ბაზა და ის არსებულთან შედარებით 65%-70%-ით ფართოვდება,  თუმცა მომხმარებლისთვის თამაშების აკრძალვის გამო, მოთამაშეთა მთლიანი რაოდენობა შემცირდება, რის გამოც მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ გაზრდილი გადასახადების ფონზე, სექტორიდან ბიუჯეტში შესული თანხები, დაახლოებით, უცვლელ დონეზე (300-400 მლნ ლარზე) შენარჩუნდება. კიდევ ერთი რეგულაცია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას უკავშირდება.

ფინანსთა სამინისტროს აქვს გეგმა, რომ უცხოურ საიტებზე თამაშების გადანაცვლების პრევენციისთვის, საქართველოს კომერციულ ბანკებს და გადარიცხვების ოპერატორებს აუკრძალოს თანხების იმ ანგარიშებზე გადარიცხვა, რომლებიც აზარტული თამაშების უცხოურ სისტემებთან არიან აფილირებული.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს დღეს წარედგინა. მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რასაც გამართულ ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირეს. საკანონმდებლო პაკეტის წამყვანი კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი იქნება, ხოლო სავალდებულო სახით ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც განიხილავს. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში. 

მთავრობის გეგმით, განახლებული საგადასახადო რეჟიმი უკვე 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებისთვის შემჭიდროვებული ვადები ექნება.