მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე მთავრობას აზარტული თამაშების რეკლამის 3 მოდელს სთავაზობს

61bc736e8851d
ინგა მურუსიძე
17.12.21 15:24
802
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლუდომანია ურთულესი პრობლემაა და მასთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა შეზღუდვების დაწესებისას ბიზნესის ინტერესიც უნდა იქნას გათვალისწინებული.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების შეზღუდვის საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენით განიხილავენ, განსაკუთრებული ყურადღება მედიაში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე გაამახვილა. 

„გადავდოთ გვერდზე პირადი სიმპატია-ანტიპათია და შევხედოთ ამ დარგს ისე, როგორც მედიაბიზნესს, რომელსაც რთული პერიოდი უდგას. თუ არც ერთი წინადადება მისაღები არ არის, მართლაც ჩნდება განცდა, ხომ არ მიიღება კანონი ასეთ დრაკონულ ვადებში იმიტომ, რომ თავისუფალ მედიას შემოსავლის 25% შეუმცირდეს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას ე.წ. ნაჯახის პრინციპით მიღებული“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე და ხელისუფლებას აზარტული თამაშების რეკლამირების რამდენიმე ვერსიას სთავაზობს იმისთვის, რომ მედია-ბიზნესმა სერიოზული დარტყმა არ მიიღოს:

„იკრძალება წვდომა ონლაინ-კაზინოებზე, თუმცა მედიის შემოსავლების 25% არის სწორედ ამ რეკლამისგან, რომლის აკრძალვაც გადაიდება მხოლოდ 1-ელ მარტამდე. მოვუწოდებ უმრავლესობას, რომ განვიხილოთ საფეხურებრივი გადასვლა, ანუ 1-ელი მარტიდან მთლიანად კი არ უნდა შეიზღუდოს, არამედ შეიზღუდოს დროში, ისე როგორც გერმანიაში მოხდა, დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ამით თავისუფალ მედიას მივცემთ ამოსუნთქვის დროს. ეს არის დარგი, ბიზნესი, რომელსაც აქვს მძიმე დრო.

მეორე შესაძლებლობა არის ის, რომ ამ პერიოდში დავავალდებულოთ სოციალური რეკლამის გაშვების აუცილებლობა ანუ როგორც თამბაქოს მავნე ზემოქმედებაზე რეკლამა არის აუცილებელი, ასევე შეიძლება დამატებითი ვალდებულება იყოს რეკლამირება, რომ აზარტული თამაშები არის მავნე ზემოქმედების წყარო.

თუ არც ერთი წინადადება არ არის მისაღები, მაშინ ვიფიქროთ დროებით სადაგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, ვიდრე სარეკლამო ბაზარი აღდგება“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ: აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ კანონის ძირითადი ნაწილი 2022 წლის 1-ელ იანვარს, ხოლო სატელევიზიო რეკლამის აკრძალვის გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ მარტს შევა ძალაში.