გასული კვირის 9-15 დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
ხმოსნებმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს
14 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაში, სადაც მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავდა, მიხეილ ყაველაშვილმა გაიმარჯვა. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მან 224 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ყაველაშვილს გამარჯვებისთვის მინიმუმ 200 ხმა სჭირდებოდა.
არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ჩატარდა და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კენჭისყრა პარლამენტის შენობაში 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდა. კოლეგიის 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენდა.
ქართული ოცნების პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომდევნო წელს მთავრობის ხარჯები 27.9 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტზე 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული. ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტროზე მიიმართება, ეს თანხა წინა წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით 120 მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რაც 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი კი მომდევნო წელს 75 მილიონი ლარით, 3.1 მილიარდამდე მცირდება. თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ზრდა წინა წარდგენის ბიუჯეტთან მიმართებით 130 მილიონი ლარით მოიმატებს. ამასთან, თუკი წინა წარდგენის ბიუჯეტით კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 515 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული, განცალკევებული სამინისტროების დაფინანსება 298 და 297 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც ჯამურად 86 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მესამე კვარტალში FDI 55%-ით შემცირდა
2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ კომპანიებში განხორციელდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს ინვესტორთა პირველ ათეულში შესული კომპანიები საქართველოში არაერთი წელია საქმიანობენ. სიაში მხოლოდ ერთი ახალი კომპანიაა - "თბილის დრაი პორტი", რომელიც თბილისთან ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობით არის დაკავებული.
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
- შპს მაგთიკომი
- სს ენერგო - პრო ჯორჯია
- შპს ქართული ცემენტი
- შპს ტოიოტა კავკასია
- სს საქართველოს კაპიტალი
- შპს საქართველოს ცემენტის კომპანია
- შპს თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტ
- შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია
- შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი.
2025 წლიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება
2025 წლიდან ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის აქციზის განაკვეთი გაიზრდება - ამის შესახებ გუშინ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საუბარია სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.90 ლარამდე გაზრდაზე. ასევე გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაზრდა არის დაგეგმილი.
კანონპროექტის ავტორების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, აქციზის მატებით 2025 წლის ბიუჯეტში სიგარეტის აქციზიდან 77 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი შევა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს აქციზიდან 5.5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი, რაც ჯამურად 83.5 მილიონის საგადასახადო შემოსავლის მატებას ნიშნავს.
2025 წლიდან აზარტული თამაშების სექტორის გადასახადები იზრდება
2025 წლიდან ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადების დონე გაიზრდება - ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რეგისტრირებული კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა.
სამშენებლო სექტორში დასაქმებულ მცირე მეწარმეებს შეღავათი მოეხსნებათ
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც მეტწილად აუქმებს სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათს. საუბარია შეღავათზე, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელს ხდის დაიბეგრონ მხოლოდ 1%-ით. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა. საქმე ეხება მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან.
ოცნების დეპუტატების რეკომენდაციით, ცვლილების ამოქმედება სამინისტროს მიერ მოთხოვნილი 1 იანვრის ნაცვლად 1 თებერვლიდან მოხდება.
საქართველო EIB-ისგან €250 მლნ-ის სესხს იღებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად
საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობისთვის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რასთან დაკავშირებითაც პირველადი შეთანხმება ჯერ კიდევ 2020 წელს გაფორმდა, თუმცა მისი რატიფიცირების პროცესი პარლამენტში ახლა მიმდინარეობს.
ფინანსური ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევრო არა უმეტეს 30 წლის ვადით გამოეყოფა, საიდანაც 7 წელი შეღავათიან პერიოდს მოიცავს. აღნიშნული ფინანსური რესურსი რუსთავი-ალგეთის, ალგეთი-წითელი ხიდის, ალგეთი-არაფლო და არაფლო-სადახლოს საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ საზედამხედველო მომსახურებისთვის დაიხარჯება.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია დაფინანსება ამ გზებისთვის, უფრო კონკრეტულად აზერბაიჯანის მიმართულებით 510 მილიონი ლარის, სომხეთის მიმართულებით კი 300 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.