მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები ადგილობრივი კომპანიების განვითარებას აფერხებს

5f43a030bc5c0
ინგა მურუსიძე
24.08.20 15:14
1031
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამშენებლო სფეროში არსებულ პრობლემებზე, წევრი კომპანიების ჩართულობით აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ თავად ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბიზნეს ასოციაციაში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემატიკაზე, რომელთა ძირითადი ნაწილი მათივე ცნობით, სახელმწიფო ტენდერების გზით შესყიდვებს უკავშირდება და ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი, მოძველებული ე.წ. „სნიპები“ (SNIP), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შესასყიდი მომსახურების და საქონლის ფასები და მახასიათებლები.

„სამუშაოს შემსრულებელ კომპანიებს უწევთ ხანგრძლივი მოლაპარაკება შემსყიდველ უწყებებთან, კონკრეტული მასალის მახასიათებლებისა თუ სხვა ცვლილებებზე იმ მიზეზით, რომ მოცემულ სტანდარტში აღწერილი პროდუქცია ან აღარ იწარმოება, ან სახეცვლილი ფორმით შემოდის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაოს შესრულების პროცესში მომსახურების შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წარმოქმნილი დავების სწრაფად განხილვის შესაძლებლობის არარსებობა. აღნიშნული და დარგის სხვა პრობლემები საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ხელისშემშლელია და აფერხებს ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე კომპეტენციების დაგროვებას.

საწყის ეტაპზე მიმდინარეობს პრობლემათა იდენტიფიცირება, შედეგად, მომზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთობლივად განიხილება და დაიგეგმება იმპლემენტაციის კონკრეტული ნაბიჯები“, - ამბობენ ბიზნეს ასოციაციაში.