მინიმალური ხელფასი უკეთეს შემთხვევაში არაფერს ცვლის, ხოლო უარეს შემთხვევაში აზიანებს ყველაზე მოწყვლად დასაქმებულებს და იმ ადამიანებს, ვინც შრომის ბაზარზე შესვლას აპირებს, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურისტმა, ნიკა ნანუაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება ცხოვრების დონეს და შრომის პირობებს არ გააუმჯობესებს.
საქმე ის არის, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო იმ დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე გატანა და განხილვა, რაც უკვე არაერთხელ მოხდა.
სამმხრივი კომისიის წევრია თავად ნიკა ნანუაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მან ინიციატორები მსჯელობების დროს ვერ დაარწმუნა იმაში, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა დადებითი ეფექტის მომტანი არ იქნება.
„მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კვლევა არსებობს და ყველა კვლევას აქვს თითქმის იდენტური პასუხი. მინიმალური ხელფასი უკეთეს შემთხვევაში არაფერს ცვლის, ხოლო უარეს შემთხვევაში აზიანებს ყველაზე მოწყვლად დასაქმებულებს და იმ ადამიანებს, ვინც შრომის ბაზარზე შესვლას აპირებს“, - განაცხადა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი გააქტიურდა იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირმა მინიმალური ხელფასის შემოღების შესახებ დირექტივა მიიღო, თუმცა ეს არ არის სავალდებულო.
„ეს დირექტივა ყველა ქვეყანას უტოვებს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტონ ეს საკითხი. ბევრ ქვეყანაში უარს ამბობენ მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი არ არის იმ დონეზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ ასეთი თამამი ნაბიჯები გადაიდგას. მინიმალური ხელფასი მაგალითად შემოღებულია სომალიში, და ამით არაფერი, სამაგიეროდ ნორვეგიაში და სკანდინავიურ ქვეყნებში მინიმალური ხელფასი სავალდებულო არ არის“, - ამბობს ნიკა ნანუაშვილი.
კითხვაზე - რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს კერძო სექტორი იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური ხელფასი დაწესდა, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურისტმა განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასი შრომის ბაზარზე შესვლის ბარიერს მაღლა სწევს დამწყები მუშა-ხელისათვის:
„გააჩნია რა თანხა იქნება მინიმალური ხელფასი, გააჩნია ბიზნესსაც. ვიღაცისთვის შეიძლება კარგი იყოს, ვიღაცისთვის - ცუდი. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ ზოგადად მინიმალური ხელფასის ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ შრომის ბაზარზე შესვლის ბარიერს მაღლა სწევს დამწყები მუშა-ხელისათვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებს მუშაობას. და მეორე - ყველაზე მოწყვლადი, ისედაც დაბალანაზღაურებადი ადამიანები ზარალდებიან. ასე რომ, ამას სიკეთე არ მოაქვს“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენდა 636 ლარს, როცა საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 260 ლარით ნაკლები იყო. 2023 წელს კი საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა, რომლის 40%-ს 742 ლარი შეადგენს.
რაც შეეხება იმ ადამიანთა რაოდენობას, ვისზეც პროფკავშირების ინიციატივა აისახება მისი დამტკიცების შემთხვევაში, დაახლოებით 163 000-ს შეადგენს, ვინაიდან 2023 წლის დეკემბერში, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 700 ლარზე ნაკლებ ხელფასს 162 739 პირი იღებდა.
„ჩვენი კომპანიები სანთლით ეძებენ ადამიანებს, ვინც 700-900-1000 ლარზე მუშაობას დათანხმდებოდა. ისმის ლოგიკური კითხვა: თუ ამდენ ადამიანს აქვს 700 ლარზე ნაკლები ხელფასი, რატომ არ მიდიან ეს ადამიანები და საქმდებიან იქ, სადაც უფრო მაღალია ანაზღაურება. ძალიან საინტერესოა ამ სტატისტიკის სტრუქტურა. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ სამსახურებზე, სადაც კვალიფიკაციაა საჭირო. ვსაუბრობ მაგალითად მაღაზიაში კონსულტანტზე ან ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე, რასაც კვალიფიკაცია არ სჭირდება“, - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირებმა პარლამენტში გასულ წელს წარადგინა და ის პარლამენტის ბიუროზე 2023 წლის ოქტომბერში განიხილეს, რომლის გადაწყვეტილებითაც ინიციატივის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტს დაევალა.