მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღებში ბავშვების რაოდენობა კვადრატულობაზე აღარ იქნება დამოკიდებული - რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ ბაღებს?

5f48c1fbc5d75
ინგა მურუსიძე
28.08.20 17:50
2531
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ბაღების წარმომადგენლებს ის რეკომენდაციები გააცნო, რომელიც სწავლის დაწყებისას უნდა შეასრულონ. 

რეკომენდაციები ძირითადი ხასიათისაა და მოიცავს ისეთ სკითხებს, როგორიც რის პირადი და გარემოს ჰიგიენური ნორმების დაცვა, თერმოსკრინინგი, ჭურჭლის რეცხვის წესები და ა.შ. 

რეკომენდაციები ჯერ მთავრობის უწყებათშორის საბჭოს არ დაუმტკიცებია, თუმცა ამ ეტაპისთვის საბოლოო ვარიანტს წარმოადგენს.

bm.ge რეკომენდაციების არსებულ ვერსიას გთავაზობთ:

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის

ზოგადი რეკომენდაციები:
o შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
o დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
o აკრძალულია საბავშვო ბაღის შენობაში მშობელთა შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
o პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;
o თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
o თერმოსკრინინგისას, ცხელების 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
o უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
o საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
• აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
• ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
• ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით;
o სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
• მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
• აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
• მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
• საიზოლაციო ოთახში ყველა 6 წლეზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;

o დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში;
o დღის განმავლობაში დაწესებულების თანამშრომლის ან ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
o დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.) პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
o რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
o თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o ობიექტის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
o დაწესებულების შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;
o შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
o უზრუნველყავით ბავშვების ხელების დაბანა ჯგუფურ ოთახში შესვლის წინ; ხელების გამშრალება მოხდეს ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით, (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);
o უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;
o კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეო ზარი, პოსტერები);
o გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დადგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდოული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;
o დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;
o შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
o უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოელმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;
o აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების წამოღება;

o ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
o უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება წოლის;
o ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა მაგალითად:
• შეჯიბრი ხელების დაბანაში;
• მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
• სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
• როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ და სხვა;
• უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;
o ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანცირების დაცვა;
o უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარი მოწყობა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ, ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;
o აკრძალეთ ყოველგვარი გართობის ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
o უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად;
o შეზღუდეთ სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;
o უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა. ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ არა უმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები.
o სათანადო ადგილებში (საპირფარეშო, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები, მათ შორის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, სათანადო ილუსტრაციებით;
o გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/აღსაზრდელებს ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;
o პერსონალისა და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ, სათანადოდ დაცულ, ადგილას განათავსეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარები. პერსონალმა უზრუნველყოს ბავშვებისთვის ჰიგიენური ნორმების დაცვის ხელშეწყობა.
o გაივალისწინეთ, რომ:
• წინასწარ უნდა გქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;
• ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები;
• ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილ უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.
o პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით), უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
o სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
• მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი;
o უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;
o სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
• ნიღაბი;
• სახის დამცავი ფარი;
• ხელთათმანი;
• ერთჯერადი ხალათი (დამლაგებლისთვის);
o განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

განსაკუთრებულად მიადევნეთ თვალყური:
o ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;
o დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა ბავშვებს, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/ თოჯინები;
o თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ. თუ ეტკინებათ თავი, მუცელი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება) დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.

მოთხოვნები სამზარეულოსთვის:
o ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
o ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის მომზადებისას დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:
• სისუფთავის დაცვა;
• მზა და ნედლი პროდუქტების განცალკევება;
• სურსათის სათანადო თერმული დამუშავება;
• სურსათის შენახვა სათანადო ტემპერატურის პირობებში;
• უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება.


o პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი;
o ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
o სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა ზედაპირის/ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
o გაატარეთ სპეციალური ზომები იმისათვის, რომ კვების ბლოკის თანამშრომლებმა არ განახორციელონ სამუშაო აქტივობა ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის (მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეა) არსებობის ან ისეთი დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათით (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.);

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნას შემდეგი პროცედურები:
o სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:
• ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
• გაირეცხოს არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
• გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
• გაივლოს არანაკლებ 650C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
• დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
• წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს;
• სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 650C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს.
o ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
o სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

დასუფთავება და დეზინფექცია:
o გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);
o დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;
o დღის განმავლობაში უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი ოთახების და დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება (როდესაც ბავშვები ეზოში იქნებიან);
o ბავშვების გაყვანის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება/დეზინფექცია;
o იმ ზედაპიებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენების შედეგად, გამოიყენეთ არანაკლებ 70% კონცენტრაციის სპირტის ხსნარები;
o დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
o უზრუნველყავით სანიტარული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
o უზრუნველყავით სათამაშოების რეცხვა/დამუშავება შემდეგი წესით:
• ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა გაირეცხოს 15 წუთის განმავლობაში, 370C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე;
• სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით;
o დაწესებულების ყველა სივრცეში უზრუნველყავით სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით, „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშო ბაღში“- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №01-172/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინითა და ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:
o სანიტარულ კვანძში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღროს საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
o სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
o კერამიკული ფილებით მოპირკეთებული კედლების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების წმენდა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
o საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს და გაშრეს;
o დალაგების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ხელთათმანები, სახის ფარი, წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას), ან ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
o დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;
o დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებელია ხელების დაბანა;
o სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი დაწესებულების ბენეფიციარებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.
თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
o თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;
o ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში. კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;
o თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;
o თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:
• თეთრეულის შეკრება; •
• ტრანსპორტირება; •
• რეცხვა და დეზინფექცია; •
• დაუთოება; •
• შეფუთვა; •
• სუფთა თეთრეულის შენახვა;
o სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;
o დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

დასაქმებულთა/მესამე პირთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით შესაბამისი რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვიის (არანაკლებ 2 მ) შესახებ;
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად, ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.