მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკალავრიატის 178 450 სტუდენტიდან 68 491-ს სტატუსი აქვს შეჩერებული - სამინისტრო

63fe0f117dab8
ინგა მურუსიძე
28.02.23 18:45
1123
ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს - ფინანსური დავალიანების გამო. ინფორმაცია განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატს, ანა ბუჩუკურს მიაწოდა.
 


ბუჩუკურმა სადეპუტატო კითხვით მიმართა განათლების სამინისტროს, რაც დღეის მდგომარეობით, ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებას ეხებოდა.

„13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს - ფინანსური დავალიანების გამო.

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე; 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი; 754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 2702 სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო-სასწავლო-სოციალური გრანტი; ხოლო 1051 სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით.

ამგვარად, წარმოგიდგენთ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დათვლილი მონაცემების ცხრილს 13.02.2023-ის მდგომარეობით“, - ნათქვამია განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილ წერილში.

ინფორმაციისთვის, განათლების სამინისტროს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

ა) სტატუსშეჩერებულ სტუდენტს აქვს უფლება გაიაქტიუროს სტატუსი;
ბ) სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე;
გ) ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სტატუსშეჩერებული სტუდენტი შეიძლება აქტიური იყოს სხვა უმაღლეს სასწავლებელში ან/და სხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

„ამასთან, უმაღლესი განათლების კანონის საფუძველზე პირი სახელმწიფოს მიერ ერთ საფეხურზე ერთხელ ფინანსდება. შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს სტუდენტს, რომელსაც ამოეწურა სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და სრულად ისარგებლა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით და სწავლას აგრძელებს დამატებით სემესტრში“, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები