მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაკურიანი გახდება საერთაშორისო სტანდარტების სათხილამურო კურორტი“ - რა იგეგმება?

60f57460c148c
ინგა მურუსიძე
20.07.21 00:00
3614
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის დაგეგმილი.

„2023 წელს უკიდურესად ღირსეულად უნდა წარვდგეთ მსოფლიო ჩემპიონატის წინაშე. ამისთვის დაახლოებით ორ თვეში ვიწყებთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ბაკურიანში, რომელიც იქნება მასპინძელი კურორტი და ჩვენ გავაკეთებთ ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც სავალდებულოა იმისთვის, რომ ჩავატაროთ ჩემპიონატი, მათ შორის ისეთი, როგორიც არის წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა ბაკურიანში. გარდა ამისა, გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება დიდველზე, 14-კილომეტრიანი და კოხტა-მიტარბის ტერიტორიაზე 16-კილომეტრიანი. მოეწყობა დამატებითი ტრასები, კურორტი აღიჭურვება სპეციალური ტექნიკით. ვფიქრობ, A კლასის ტურნირს ჩავატარებთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე შეფასებით, ბაკურიანი გახდება საერთაშორისო სტანდარტების სათხილამურო კურორტი.

ქვრივიშვილის განცხადებითვე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ ბაკურიანზე მოთხოვნა და ცნობადობა გაიზრდება, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის უდიდესი სტიმული ინვესტორებისთვის, რათა მეტი ინვესტირება მოახდინონ უშუალოდ ბაკურიანში.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუდაურსა და მესტიაში იგეგმება ასევე ახალი საბაგიროების მშენებლობა.

„ვფიქრობთ, სამივე კურორტზე მაღალტექნოლოგიური ეკრანების მონტაჟი განხორციელდეს. კურორტებზე უკიდურესი ყურადღება დაეთმობა ზვავსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობას“, - აღნიშნა მან.