მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების მოგება 50 მილიონით გაიზარდა და 2021 წლის იანვარ-თებერვალში 245.5 მლნ გახდა

60609273e98ba
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.21 20:48
1252
2021 წლის იანვარ-თებერვლის ჯამური შედეგების მიხედვით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 245.5 მილიონი ლარი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგების ეს მოცულობა 50 მილიონი ლარით, ანუ 25%-ით მეტია.

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ თებერვალში სექტორის წმინდა მოგებამ 132.1 მილიონი ლარი, იანვარში კი 113.4 მილიონი ლარი შეადგინა. 

მთლიანობაში ბანკების შემოსავალი 2021 წლის პირველ ორ თვეში 878 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.5%-ით, ანუ 83 მილიონი ლარით არის გაზრდილი. აქედან საპროცენტო შემოსავლები, ანუ მომხმარებელთა მიერ სესხების მომსახურებამ 627 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 368 მილიონი ლარი (ზრდა 10%), იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი 259.5 მლნ ლარი იყო (ზრდა 21.3%).

რაც შეეხება ბანკების სხვა შემოსავლებს, საკომისიოების ჯამი წლიურ ჭრილში 7.5%-ით არის შემცირებული და 53 მლნ ლარს შეადგენს, საკონვერსიო ოპერაციებიდან კი ბანკებმა მოგების ნაცვლად 26.5 მლნ ლარით იზარალეს.

2021 წლის პირველ ორ თვეში ბანკებმა 606 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს. აქედან საპროცენტო ხარჯები 370 მილიონი ლარი იყო. მათ შორის დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელი 212 მილიონი ლარი, ბანკების სხვა ვალდებულებების მომსახურების საფასური კი 114 მლნ ლარი იყო. ამასთან, ბანკებმა მათი აპარატის შენახვაზე - ოფისებზე, თანამშრომლებსა და დირექტორებზე ჯამში 121 მილიონი ლარი დახარჯეს. 16.7 მილიონი კი აქტივების შესაძლო დანაკარგების ბუფერში გადადეს. შედეგად წმინდა მოგებამ 245.5 მილიონი ლარი შეადგინა, მოგების გადასახადის სახით გადახდილმა თანხამ კი 26.3 მილიონი ლარი.