მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის რესტორნებში ფასები გაიზარდა

603d25b9e6654
თათია ჩაფიჩაძე
01.03.21 23:40
758
დღეიდან ბათუმში არსებული რესტორნების შიდა სივრცეები გაიხსნა. მომხმარებლებს ობიექტები კოვიდ წესების დაცვითა და გაზრდილი ტარიფებით უმასპინძლებენ. „საქმიან დილასთან“ საუბრისას რესტორან „ვერანდა აკროპოლესა“ და რესტორან „დელირიას“ მფლობელები ამბობენ, გაზრდილია ფასები და ამის მიზეზი ლარის გაუფასურება და გაზრდილი კომუნალურებია.

„რესტორნების ხარჯები განსაკუთრებით კომუნალურ ნაწილში გაიზარდა 20-30%-ით. ეს ეხება გაზისა და დენის გადასახადებს. დაკეტილ რესტორანშიც კი ჩვენ 30%-ით გაზრდილი ხარჯის გადახდა გვიწევს, ამ ხარჯს ვერ ვაჩერებთ. ასევე შემოტანილ პროდუქტზე და განსაკუთრებით უცხოურ ალკოჰოლზე, ლარის დევალვაციის გამო ფასნამატი ვფიქრობ რომ გვექნება. შევეცდებით, რომ ადგილობრივ პროდუქტებზე გავაკეთოთ აქცენტი, სადაც ფასების ზრდა მინუმამდე იქნება დაყვანილი და ყველაზე ოპტიმალური ფასები შევთავაზოთ", - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

„1 თებერვლიდან გარე სივრცეში ვმუშაობდით, ახლა შიდა სივრცეც გავხსენით მათთვის ვინც უბრალოდ მოწყურებულია სოციალურ სივრცეში გასვლას. გვიხარია რომ სიცივის მიუხედავად მუშაობის უფლება გვაქვს. თუმცა მხოლოდ ადგილობრივებზე ვართ დამოკიდებულები, შიდა ტურისტებიც არ შეინიშნება ამ დრომდე, ბათუმში წვიმიანი ამინდებია და მოთხოვნა მხოლოდ ზამთრის კურორტებზეა. რაც შეეხება ფასებს, ხარჯი გაზრდილია და ახალი პირობებით მუშაობა ერთმნიშვნელოვნად აისახა ტარიფებზე. ჩვენც დამოკიდებულები ვართ გარე ბაზარზე, შესაბამისად ყველაფერი ყველაფერზე მოქმედებს", - განაცხადა ნინო გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, დღეიდან ბათუმში რესტორნების ნაწილი არ გაიხსნა. კვების ობიექტები აცხადებენ, რომ არსებული შეზღუდვებისა და ტურისტების არარსებობის გამო ხარჯების დაფარვას ვერ მოახერხებენ.