მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის წყალმა" და "ბათუმის სარაგბო კლუბმა" მივლინებებისთვის ნორმაზე 30 169 ლარით მეტი დახარჯა - აუდიტი

5e5960cc62ff5
თამთა ჯიჯავაძე
28.02.20 22:59
1001
შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „ბათუმის სარაგბო კლუბის“ თანამშრომელთა მივლინებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით გახარჯულია 30,169 ლარით მეტი, - ამის შესახებ საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმის წყლის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, აუდიტის პერიოდში თანამშრომელთა მივლინებისათვის გაწეულია 87,097 ლარის ხარჯი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მივლინების ზღვრული ნორმების გათვალისწინებით კი უნდა გაწეულიყო 65,563 ლარის ხარჯი. ამდენად, ნორმებთან შეუსაბამოდ, მივლინებისათვის გაწეულია ჯამში 21,534 ლარით მეტი ხარჯი.

„გარდა აღნიშნულისა, საზოგადოების მიერ 15,889 ლარი გახარჯულია წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის და წარმოდგენილია სარესტორნო მომსახურების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა დოკუმენტებით არ დასტურდება“, - წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის დოკუმენტში საუბარია შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მივლინებებისთვის არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზეც:

„საქართველოს ფარგლებში გასვლითი კალენდარული მატჩის ჩატარებისათვის, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ გუნდი დირექტორის ბრძანებით, 3-ჯერ მივლინებულია ქ. თბილისსა (2-ჯერ) და ქ. ქუთაისში (ერთხელ). მივლინების ხარჯებისათვის კლუბის მიერ ჯამში გადახდილია 8,636 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით (თამაშების კალენდარი) მივლინების პერიოდში მივლინებულ ადგილზე სპორტული ღონისძიების დაგეგმვა, ფაქტობრივად ჩატარება და გუნდის ფაქტობრივი მონაწილეობა არ დგინდება. ამასთანავე, გუნდის მწვრთნელები და ხელმძღვანელი პირები, მივლინების ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიების ჩატარებასა და მასში გუნდის ფაქტობრივად მონაწილეობას არ ადასტურებენ. აღნიშნული გარემოება, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ ფულადი სახსრების არამართლზომიერად განკარვის რისკზე მიუთითებს“.

რეკომენდაციის სახით, აუდიტი აცხადებს, რომ შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ ხელმძღვანელებმა, პარტნიორთან შეთანხმებით, ზედმეტად ანაზღაურებულ თანხებზე განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირები, არაობიექტური მიზეზების არსებობის პირობებში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარონ ქმედითი ღონისძიებები და უზრუნველყონ გამოუყენებელი თანხის დაბრუნება. ამასთანავე, დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების შპს-ის ინტერესების გათვალისწინებით ხარჯვას.