21.ოქტომბერი .2020 09:40

ბათუმში ახალი უძრავი ქონების ფასები 8%-ით შემცირდა

ბათუმში ახალი უძრავი ქონების ფასები 8%-ით შემცირდა
views 440
უკან

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის ეკონომიკური შოკის შედეგად, ბათუმში უძრავი ქონების ფასები შემცირდა. 

2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 774 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 673 აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში წლის პირველ სამ კვარტალში სულ 5966 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 30%-იან შემცირებას ნიშნავს. ამ ბინების საერთო ღირებულებამ კი $240 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 35%-ით არის შემცირებული.

მათ შორის, ახალაშენებული ბინების გაყიდვების ღირებულება 36%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 206 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ძველი  ბინების შემთხვევაში გაყიდვები $34 მილიონის ტოლი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია.

ბათუმში, 2020 წლის სექტემბერში 710 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39%-ით ჩამორჩება. ბაზრის ზომა 37%-ითაა შემცირებული და მისი მოცულობა, შესაბამისად, 32 მილიონი აშშ დოლარია.

რა ხდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე?

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3,121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. გაყიდვების ჯამური ღირებულება კი $134 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი.

Colliers-ის თანახმად, თბილისში სექტემბერში რეალიზებულ ბინებში 2,159 ბინა ახალაშენებული იყო, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 18%-ით მეტია, ძველ ბინებზე რეგისტრირებული გარიგებები კი 2%-ით 962 ერთეულამდე შემცირდა. ამავე ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად, 32%-ით ეკონომ კლასის ბინებზე არის მოთხოვნა გაზრდილი, საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები კი, სექტემბერში 23 და 29%-ით იყო შემცირებული. ამ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნის მატებას, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წარდგენილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა განაპირობებს.

სექტემბერში ბინების გაყიდვების მატების მიუხედავად, 2020 წლის 3 კვარტალში დედაქალაქში, ჯამურად, 18,537 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა