მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბავშვისთვის ქართული წარმოების ტანსაცმლის ყიდვა ძალიან პოპულარულია“ – Uniki

64773e11e020a
სალომე ხიდურელი
31.05.23 16:26
328
ბავშვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი Uniki პარიზში, Playtime Paris-ის ყველაზე მასშტაბურ საბავშვო ფესტივალზე TOP-12 რჩეულ ბრენდს შორის მოხვდა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი მაგდა ზაქარიაშვილი BM.GE-სთან ყვება, ეს, შესაძლოა, ბრენდის ექსპორტზე გასვლის წინაპირობა იყოს.

„გამოფენაზე პირველივე წასვლით ექსპორტზე გასვლა ძალიან რთულია, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, რადგან სულ გჭირდება კონტაქტების მოძიება, წინასწარ შეხვედრების ჩანიშვნა და როდესაც მყიდველები გამოფენაზე მოდიან, წინასწარ იციან, ვისთან მივიდნენ. ჩვენ ეს კონტაქტები პირველი წასვლისას არ გვქონდა.

დაინტერესება ძალიან დიდი იყო, მოლაპარაკებები გვაქვს ფრანგულ სადისტრიბუციო ქსელთან, ასევე დაინტერესებაა ბეირუთიდან. ივლისის დასაწყისში ისევ მივდივართ გამოფენაზე და ველოდებით, რომ უკეთესი შედეგი გვექნება“, - ამბობს მაგდა ზაქარიაშვილი.

Uniki ბავშვის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს 4 წელია, რაც აწარმოებს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, სამკერვალო წარმოების ზრდას გეგმავს.

„ამ ეტაპზე ვკერავთ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს 0 თვიდან 7 წლამდე, თუმცა გაფართოებისთვის ავიღეთ გრანტი RDYE პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია მერსი ქორფსი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით და, შესაბამისად, წარმოებაც და ასაკობრივი ზღვარიც გაიზრდება“, - ამბობს მაგდა ზაქარიაშვილი.

Uniki-ს დამფუძნებელს ქართული წარმოების ტანსაცმელზე მოთხოვნაზეც ვესაუბრეთ. მისი განმარტებით, წარმოების გაფართოების მოტივაციას სწორედ მაღალი მოთხოვნა ქმნის.

„საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მრავალფეროვან არჩევანზე. დიდი ზომები რომ გვქონდეს, კიდევ უფრო კარგად ვიმუშავებდით, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეძენა ბავშვებისთვის, ძალიან ლოიალური მომხმარებლები გვყავს, რაც გაფართოების მოტივაციას გვაძლევს.

ფასებს რაც შეეხება, ვფიქრობთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ. სხვა მწარმოებლებს რომ გადავხედოთ, მათთან შედარებით ჩვენი ფასები საკმაოდ ნორმალურია“, - ამბობს მაგდა ზაქარიაშვილი.

Uniki-ს დამფუძნებლის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ბავშვის სამოსის წარმოებაში აწყდებიან, ქართულ ბაზარზე ქსოვილების დეფიციტია.

„ტყავის კუთხით პრობლემა არ გვაქვს, უწყვეტად შემოდის და ძალიან იშვიათად ილევა, თუმცა, მაგალითად ფეხსაცმლის ძირის პრობლემაა. ბავშვის ზომებს აქ ვერ იყიდი. ჩვენ ცოტა განსხვავებული ფეხსაცმლის დამატება გვინდოდა, რომელიც ორთოპედების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე იქნებოდა მორგებული და ამიტომ შემოვიტანეთ თურქეთიდან, იმიტომ რომ აქ არ კეთდება.

რაც შეეხება ქსოვილებს, უდიდესი პრობლემაა, ბუნებრივი ქსოვილი სისტემატურად არ შემოდის, რაც შემოდის, ტექსტილის ქსოვილია, რომელსაც ყველა ბრენდის კოლექციაში ნახავთ, განსხვავებული არ არის. გვყავს მომწოდებელი, რომელსაც ჩვენთვის შემოაქვს ქსოვილი, თუმცა უკვე ვეძებთ პარტნიორებს, რომელიც პირდაპირ ქარხნიდან გამოგვიგზავნის, რომ ქსოვილის ამოწურვის გამო კერვაზე უარის თქმა აღარ გვიწევდეს“, - ამბობს Uniki-ს დამფუძნებელი.

Uniki-ს საწარმო კასპის რაიონში მდებარეობს. მათი კოლექციების შეძენა კი, როგორც ონლაინ, ასევე თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე და ზუგდიდის მოლშია შესაძლებელი. გარდა ამისა, როგორც ზაქარიაშვილი აღნიშნავს, ბრენდს უკვე აქვს საკუთარი ვებ-საიტი, რომელიც წარმოების გაზრდის შემდეგ ამოქმედდება.