მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამკერვალო „ანაბეჭდმა“ სამტრედიაში ახალი საწარმო აამოქმედა

6474ba9a0931e
სალომე ხიდურელი
07.06.23 10:00
1777
სამკერვალო „ანაბეჭდმა“ სამტრედიაში ახალი საწარმოს გახსნა ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი გიორგი ბარნაბიშვილი BM.GE-სთან ყვება, ახალ საწარმოში პროცესები უკვე დაწყებულია, თუმცა ოფიციალური გახსნა ზაფხულში იგეგმება.

„უკვე გვყავს 50-ზე მეტი პირი დასაქმებული, თუმცა, მოგეხსენებათ, პროექტის ფარგლებში 10-ჯერ მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება და ამ პროცესს ეტაპობრივად მივყვებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სწავლების, ტრენინგებისა და პირველი ჯგუფების ჩამოყალიბების ეტაპები.

დასაქმებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა კადრების სწავლება და გადამზადება დროში გაწელილი პროცესია. საწყის ეტაპზე, უპირატესობა უკვე გამოცდილ კადრებს ენიჭებათ, თუმცა ტრენინგის ეტაპის შემდეგ ისეთ მსურველებსაც დავასაქმებთ, რომლებსაც ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვთ. ამისთვის თავიდანვე მზად ვიყავით, რომ 500 კადრს ერთ დღეში ვერ დავასაქმებდით, თუმცა საწარმოში პროცესები უკვე დაწყებულია და უკვე იკერება ერთ-ერთი უცხოური ბრენდის შეკვეთა“, - ამბობს გიორგი ბარნაბიშვილი, თუმცა არ აკონკრეტებს უცხოური ბრენდის სახელს.

„ანაბეჭდი“ რამდენიმე წელია, სრულად საექსპორტო ბაზარს ემსახურება, თუმცა, გიორგი ბარნაბიშვილის თქმით, ახალი სამკერვალო აჩენს პერსპექტივას, დიდი ზომის კორპორაციული შეკვეთები მიიღონ და დამკვეთს ვადების დაცვით ჩააბარონ.

„ამ პროექტის დამატებითი ბენეფიტი ქართული ბაზრის ათვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის პროექტი ექსპორტზეა გათვლილი, ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული სიხშირით არის ხოლმე ისეთი მომსახურების საჭიროება, რომელიც ვერ სრულდება იმ წარმოებებში, რომლებიც საქართველოში არსებობს, მათი მასშტაბებიდან, აღჭურვილობებიდან გამომდინარე. ფიზიკურად არ შეუძლიათ, რის გამოც, ტენდერის ფარგლებში, რამდენიმე საწარმოში უწევთ საქმის გადანაწილება და ხარისხსა და ვადებში აცდენებია ხოლმე, ამიტომ სამტრედიის ობიექტი პასუხობს ადგილობრივი ბაზრის ამ გამოწვევას, შეასრულებს კორპორაციულ შეკვეთებს, რომელთა შესრულება ერთ წარმოებაში ამ ეტაპზე შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, გონივრულ ვადებში“, - აღნიშნავს გიორგი ბარნაბიშვილი.

„ანაბეჭდის“ გენერალური მენეჯერის განმარტებით, საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ სამკერვალო სექტორი განავითაროს. როგორც ის აღნიშნავს, „ანაბეჭდის“ დამკვეთთა უმრავლესობა თავად ფლობს წარმოებას ევროპისა და აზიის მასშტაბით, რაც საშუალებას იძლევა, ქართულ ბაზარზე ინვესტიციები მათგანაც გაიზარდოს: „მაგალითად, უკრაინაში გვყავს საკმაოდ მსხვილი პარტნიორი, რომლებიც მიმდინარე მოვლენების გამო მომსახურების გარეშე დარჩნენ და უწევთ, მოძებნონ ისეთი ქვეყანა, სადაც სამკერვალო მიმართულებით პერსპექტივა არის, ასევე გეოგრაფიულად მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა და გამოცდილი კადრებიც ჰყავთ, ასეთი, შესაძლებელია, საქართველო იყოს“.

„ანაბეჭდმა“ სამტრედიის პროექტში ₾10-მილიონიანი ინვესტიცია უკვე ჩადო. სამკერვალო უნიფორმებს რეგიონული, კერძოდ, თურქეთის ბაზრიდან იმპორტული ნედლეულით აწარმოებს, თუმცა, კერძო შეკვეთების შემთხვევაში, უშუალოდ კომპანიებისგან გამოგზავნილ ქსოვილებსა და აქსესუარებს იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები