20.იანვარი .2020 12:18

ბახტაძის დროს გაუქმებული სამინისტრო, სავარაუდოდ, ისევ აღდგება-გახარიას მთავრობაში მსჯელობენ

views 881
უკან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად მხოლოდ კულტურის სამინისტრო გამოეყოფა, ხოლო სპორტი კვლავ უწყების შემადგენლობაში დარჩება.

როგორც bm.ge-ის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს, თუმცა მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს.

„დაანონსება ამ შემთხვევაში პრემიერის პრეროგატივაა და უნდა დაველოდოთ. ვაცადოთ პრემიერს ზუსტი რიცხვის დასახელება, რათა რაც შეიძლება ეფექტური იყოს ეს გადაწყვეტილება. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ“, - განაცხადა გენადი მარგველაშილმა.

კითხვაზე - სპორტის კომპონენტი რომელი სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება, მარგველაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ,  კვლავ განათლების სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება, ერთ-ერთ დეპარტამენტად.

"მხოლოდ კულტურა გამოვა დამოუკიდებლად, ამაზე იყო საუბარი. მე ვადასტურებ, რომ ეს პრემიერის გადასაწყვეტია, რადგან ის აკომპლექტებს გუნდს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მარგველაშვილის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ეს საკითხი აფერხებს პროცესს.

„მიმდინარეობს მსჯელობა, რომ თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეიძლება ეფექტური იყოს“, - აღნიშნა მან.

მთავრობის ადმინისტრაციაშიც ამბობენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. 

შეგახსენებთ, რომ 1.5 წლის წინ, მამუკა ბახტაძის პრემიერობის პერიოდში საქართველოს განათლების სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდა. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა, თუმცა ბატიაშვილმა თანამდებობა გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, გასული წლის ნოემბერში დატოვა.

ბატიაშვილმა სწორედ თანამდებობიდან გადადგომის დღეს თქვა, რომ სამინისტროები შესაძლოა კვლავ გაიყოს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც იქნა ნახსენები, რომელიც შეეხება როგორც გაყოფას, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ, სავარაუდოდ, ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან, ამიტომ საკმაო დრო არის ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა წლის ბოლომდე, კონკრეტულად როგორ მოხდება თუ მოხდა საერთოდ, რადგან ამას ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ როგორც გითხარით, დრო არის იმისთვის, რომ გრძელვადიანად ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საქმეს წაადგება", - ამბობდა მიხეილ ბატიაშვილი.

ამჟამად განათლების მინისტრის პოსტს ისევ მიხეილ ჩხენკელი იკავებს, რომელიც გენადი მარგველშვილის ინფორმაციით, სამინისტროების გაყოფას არ ეწინააღმდეგება.