28.იანვარი .2021 17:04

ბაზრობები, შესაძლოა დაანონსებულზე ადრე გაიხსნას - თურნავა

ბაზრობები, შესაძლოა დაანონსებულზე ადრე გაიხსნას - თურნავა
views 1524
უკან

ბაზრობების წარმომადგენლები არ არიან ბოლომდე კმაყოფილები - ასე შეაფასა ბაზრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, დარგის წარმომადგენლებს გააცნეს ის მეთოდოლოგია და მიდგომები, რომლითაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მან აღნიშნა, რომ ბაზრობების 15 თებერვალს გახსნის გადაწყვეტილება, შესაძლოა გადაიხედოს და ეს დაწესებულებები იმაზე ადრე გაიხსნას, ვიდრე დაგეგმილია.

„მეორე ეტაპის გახსნა შეეხება ბაზრობებს. დღეისთვის 15 თებერვალია დასახელებული და ეს ოპტიმიზმის საფუძველია, იმიტომ რომ გვაქვს სხვა სფეროები, რომლებიც არანაკლებ მტკივნეულად განიცდიან დახურვას და არანაკლებ დაზარალებულები არიან, ვისზეც გახსნის თარიღს თებერვლის განმავლობაშიც ვერ ვასახელებთ. იგივე რესტორნები და ზამთრის კურორტები.

ვაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგოარემობა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება, არამარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, როდესაც გადავხედავთ გადაწყვეტილებებს, ბაზრობებისთვის უფრო ოპტიმისტური გადაწყვეტილება მივიღოთ და ამ თარიღმა უფრო ახლოს გადმოიწიოს. დარწმუნებით ამაზე დღეს ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ ავუხსენით ბაზრობებს ის მეთოდოლოგია, რომლითაც ვაფასებთ ვითარებას და ვიღებთ გადაწყვეტილებას. მათთვის პერსპექტივა საკმაოდ კეთილსაიმედოა, თუკი მომდევნო დღეებში ეპიდ-ვითარება მკვეთრად არ გაუარესდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ბაზრობების წარმომადგენლები კმაყოფილები არ არიან და ჟურნალისტების კითხვაზე - ხომ არ ელიან ბაზრობების მხრიდან თვითნებურ გახსნას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ - არა.

„რა თქმა უნდა, არ არიან ბოლომდე კმაყოფილები და გვესმის, რომ ძალიან დიდ სფეროა და წინასაახალწლო პერიოდში მომატებული რისკებიდან გამომდინარე მათი გახსნა ვერ მოხერხდა, ამიტომ უნდათ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ფუნქციონირება. ყველაფერს ვითვალისწინებთ, მაგრამ ეპიდემიის მართვა მაინც პრიორიტეტია.

სწორედ იმიტომ ვართ შეკრებილები ერთად, რომ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილება მივიღოთ. ბაზრობების წარმომადგენლებზე, მეპატრონეებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ ისინი ჩვენთანაც აგებენ გარკვეულწილად პასუხს იმაზე, რომ მათი თანამშრომლების წინასწარი ტესტირება მოხდეს და უსაფრთხოების წესები იყოს დაცული, მაგრამ უფრო მეტად პასუხს აგებენ იმ მცირე მეწარმეების წინაშე, ვინც მათ ელოდებათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა