მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ონლაინ გაყიდვების კომპანიების მიერ გამოყენებულმა ალგორითმებმა შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს

60085063443b8
თათია კაკიაშვილი
20.01.21 23:20
544

ონლაინ გაყიდვების კომპანიების მიერ გამოყენებულმა ალგორითმებმა შესაძლოა, საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა გამოიწვიოს, - იუწყება BBC დიდი ბრიტანეთის კონკურენციის ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ბრიტანული მედიის ცნობით, კონკურენციისა და ბაზრების უწყება იძიებს ისეთი ბიზნესოპერატორების შემთხვევებს, რომლებიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებენ გაყიდვის პლატფორმებზე. ასეთ ვებგვერდებზე შეიძლება, მომხმარებლებს აჩვენონ შეცდომაში შემყვანი შეტყობინებები, რაც მიანიშნებს, რომ საგნები დეფიციტურია, შედეგად, მომხმარებელი მანიპულაციის მსხვერპლი ხდება და ამა თუ იმ პროდუქციის შეძენაზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებს.

ამავე პრინციპით, ზოგიერთი ალგორითმი მომხმარებელს პროდუქციის არასწორ ფასს აჩვენებს და ამ გზით მის ყიდვას აიძულებს.

”ალგორითმები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინტერნეტში, მაგრამ, ბიზნეს ოპერატორები მას პასუხისმგებლობით არ იყენებენ, შეიძლება უზარმაზარი ზიანი მიაყენონ მომხმარებლებს და ბიზნესს. ამ ზიანის შეფასება პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომხმარებლები მსგავსი მანიპულაციებისგან დავიცვათ. მისი აღმოფხვრა მნიშვნელოვანია მეტად კონკურენტული ბიზნეს გარემოსა და ონლაინ ინოვაციების შესაქმნელად”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის კონკურენციის ორგანიზაციის მონაცემთა მეცნიერების დირექტორმა, კეიტ ბრენდმა.

ბრიტანეთის კონკურენციის ორგანიზაცია მსგავსი ალგორითმების მუშაობის პრინციპს განიხილავს, თუმცა, როგორც წინასწარ ცნობილია, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ტექნოლოგიას სარგებლის მოტანაც შეუძლია იმ პროდუქტების ან მომსახურების შემოთავაზებით, რომლებითაც მომხმარებელი უფრო მეტად დაინტერესდება.