მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ამჯობინებს ქართველი მომხმარებელი პროდუქციის გამოწერას? - KiwiPost-ის განმარტება

ამანათები

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა, წლიურ ჭრილში, 53.4%-ით გაიზარდა და 7 591 853 ერთეული შეადგინა. ამანათების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ტრანსპორტირების კომპანიებზეც, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნიდან პროდუქციის საქართველომდე ჩამოტანაზე არიან პასუხისმგებლები. მაგალითად, მიმდინარე წლის 9 თვეში, ამანათების გადაზიდვის კომპანია KiwiPost-ში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩამოსული ამანათების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

როგორც KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერი, ქეთევან შანიძე BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნავს, პროდუქციის საზღვარგარეთიდან გამოწერას მომხმარებლები რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ანიჭებენ უპირატესობას.

“რა თქმა უნდა, ფასთა სხვაობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია, თუ რატომ ირჩევს მომხმარებელი უცხოეთიდან გამოწერას. ასევე ისიც, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, მომხმარებელი იწერს ისეთ პროდუქციას, რომელიც საქართველოს ბაზარზე ფიზიკურად არ არის.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე სანდოობა - თუ 10-15 წლის წინ მომხმარებელი რამდენიმე პლატფორმას ენდობოდა, რომ თავისი საბანკო ბარათის მონაცემები შეეყვანა, ახლა ძალიან ბევრი პლატფორმაა, რომლებიც მაღალი სანდოობით და მისაღები ფასებითაა ცნობილი”, - ამბობს ქეთევან შანიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი განბაჟებას ექვემდებარება. როგორც KiwiPost-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, განბაჟების თანხის მიუხედავად, მომხმარებელს ნივთების საზღვარგარეთიდან გამოწერა მაინც უღირს.

“ამანათებს შორის 70-80% ისეთია, რომლებიც განბაჟებას არ ექვემდებარება. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, მომხმარებელს უღირს კონკრეტული პროდუქციის გამოწერა და ეს ფასთა სხვაობას მაინც აძლევს. როდესაც ონლაინ შოპინგზეა საუბარი, ყველა ცდილობს, რომ ეკონომიურად, ბიუჯეტურად შეიძინოს პროდუქცია.

300 ლარზე თუ ვსაუბრობთ, ბრენდული ტანსაცმელი ხშირად გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ განბაჟება არ არის დამაბრკოლებელი მომხმარებლებისთვის. ჩვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული კამპანიაში, რომ ზღვარი 700 ლარამდე გაიზარდოს”, - ამბობს შანიძე.

ცნობისთვის, საბაჟო გადასახადი პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს შეადგენს.

KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერის განმარტებით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლისთვის ნივთების უცხოეთიდან გამოწერა კომფორტულია, გამართული მიწოდების ჯაჭვი და ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფებია.

“ლოგისტიკის მხრივ შეფერხება არ არის, საკმაოდ ბევრი ავიაკომპანიაა საქართველოში, ასევე სახმელეთო გადაზიდვაც, ბევრი გზაა, რომ შეფერხება არ არსებობდეს.

რაც შეეხება ფასებს, კოვიდპერიოდიდან გაზრდილია, თუმცა ამ ეტაპზე დასტაბილურებულია და არ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება”, - ამბობს ქეთევან შანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები