“საქართველოში ელექტრონული კომერცია განსაკუთრებით პოპულარულია და ჩვენი მომხმარებლებიც არ არიან გამონაკლისი - 9 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიღებული ამანათების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა” - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში ამანათების ტრანსპორტირების კომპანია KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერი, ქეთევან შანიძე საუბრობს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სეგმენტი ჰყავს, ამერიკის ბაზარი ქართველი მომხმარებლისთვის ყველაზე სტაბილურია.
“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკასა და ინგლისს გამოვყოფდი, ვინაიდან საკმაოდ აქტიური და პოპულარული მიმართულებებია. ინგლისი ბოლო პერიოდია, რაც ფეხს იკიდებს, ამერიკა კი 10-15 წელია, სტაბილური ბაზარია ქართველი მომხმარებლებისთვის”, - ამბობს ქეთევან შანიძე.
მისი თქმით, მიმდინარე წელს განსაკუთრებით გაიზარდა ამანათების რაოდენობა საბერძნეთიდან, საიდანაც მომხმარებლებს ნაცნობი ბრენდების შეძენა შედარებით დაბალ ფასად შეუძლიათ.
“რაც შეეხება საბერძნეთს, ბოლო ერთ წელში ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, ამანათების რაოდენობა 150-200%-ით გაიზარდა იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში ბევრი ნაცნობი, ქართველი მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდი შედარებით დაბალ ფასადაა წარმოდგენილი.
2-3 წელია ერთგვარი ბუმია თურქეთზეც, თუმცა ბოლო წელია, მდგომარეობა დასტაბილურდა და ამანათების რაოდენობა წელს მხოლოდ 30-40%-ით გაიზარდა”, - ამბობს ქეთევან შანიძე.
ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც BMG-მ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა.
TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა, ასეთია:
თურქეთიდან - 28,54%;
ჩინეთიდან - 23,54%;
აშშ-დან - 16,81%;
საბერძნეთიდან - 7,88%;
იტალიიდან - 7%;
დანარჩენი ქვეყნები ჯამურად - 16,24%