საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა TEMU-მ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე თვეში ქართველი მომხმარებლის ყურადღებაც მიიპყრო. მარტივი ბიზნეს მოდელი, რომელიც ჩინეთიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში ამანათის სახლამდე მიტანას გულისხმობს, ქართველებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. თუმცა იაფი სერვისი ადგილობრივ ბიზნესს ძვირი დაუჯდა. უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნას ქართული საფოსტო და საკურიერო კომპანიები ვერ სწვდებიან. ამანათები გვიანდება, უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი კი იზრდება.
TEMU-ს ეფექტზე საუბრისას მასშტაბის უკეთ წარმოსაჩენად ელექტრონული კომერციის ასოციაციაში სავარაუდო რიცხვებზე საუბრობენ. ასოციაციის ხელმძღვანელის, ლადო კანდელაკის ინფორმაციით, ქართველმა მომხმარებელმა აპლიკაციის გაშვებიდან მხოლოდ ერთ თვეში 20 000 ამანათი შეუკვეთა. მისი თქმით, სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, მასშტაბი არც ისე დიდია, თუმცა ადგილობრივად და ერთი პლატფორმის გათვალისწინებით შედეგი ძალიან მაღალია. კანდელაკის თქმით, ბიზნესს გადაწყობა სჭირდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის კი კადრების დეფიციტი სერიოზულ პრობლემად იქცა.
“TEMU-ს პლატფორმამ საქართველოში "რევოლუცია" გამოიწვია. იმდენად საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, რომ მთელ მსოფლიოში არის ბუმი, ამან, რა თქმა უნდა, გადამზიდავ კომპანიებში კოლაფსი გამოიწვია. ჩვენ გვავიწყდება ერთ რაღაც, იმდენად არასტაბილურ მსოფლიოში დავიწყეთ ცხოვრება, რომ ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად. შესაბამისად, ბიზნესსაც მოუწევს სწრაფად გადაწყობა, სხვანაირად არაფერი გამოვა. ეს კოლაფსი იქნება სულ, თუ ბიზნესი არ იქნება სწრაფად ადაპტირებადი ასეთი ცვლილებების მიმართ.
თუ ბიზნეს პროცესები კარგად გაქვს დალაგებული, შეიძლება ადაპტაცია ორ თვეშიც მოახერხო, თუმცა მარტო ამაზეც არ არის დამოკიდებული, ჩნდება ადამიანური რესურსის საკითხიც. ესეც ერთგვარი პრობლემაა საქართველოში მოქმედი გადამზიდავი კომპანიებისთვის.
ჩემი ინფორმაციით, აპლიკაციის საქართველოში გაშვებიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში 20 000 გზავნილი იყო მხოლოდ TEMU-დან", - ამბობს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი ლადო კანდელაკი.