მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს ფოსტა მომხმარებლებს დაკარგავს” - E-commerce ასოციაცია

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტამ, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ გზავნილებზე ტარიფები გაზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლო დღეებია აქტიურად ეხმაურებიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობას გაწყვეტენ.

საქართველოს ფოსტამ მომსახურების ტარიფები გაზარდა. 2 კილოგრამამდე წონის ამანათის მისამართამდე მიტანის ღირებულება 8.5 ლარიდან 19 ლარამდე გაიზარდა. იმ შემთხვევაში კი თუ მომხმარებელი მიღებული ამანათის სერვისცენტრიდან გატანას გადაწყვეტს 14 ლარი უნდა გადაიხადოს.

საქართველოს ფოსტის მხრიდან ტარიფების გაუფრთხილებლად, დრამატულად ზრდას ვერ ხსნიან e-commerce ასოციაციაში. ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ფოსტის მხრიდან ტარიფების მსგავსი გზით გაზრდამ სახელმწიფო კომპანია რეპუტაციულად მნიშვნელოვნად დააზარალა, შესაბამისად, ფოსტის მენეჯმენტს დაკარგული მომხმარებლების დაბრუნება გაუჭირდება. ლადო კანდელაკი ამბობს, რომ მიღმა ამისა დღეს კერძო კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების კარი იღება.

“მომხმარებლები რამდენიმე თვით ადრე მაინც უნდა გაეფრთხილებინათ რომ ტარიფებში ცვლილებებს გეგმავდნენ. ბუნებრივია უარყოფით გავლენას მოახდენს, თუმცა სხვა კონკურენტი კომპანიებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა რომ ის ბაზარი, რომელსაც ფოსტა დაკარგავს და აუცილებლად დაკარგავს აითვისონ.

მომხმარებელი სამწუხაროდ დაზარალდება, იმიტომ რომ სანამ ეს დალაგდება დააგვიანდება ამანათებს და ა.შ. ყველაზე მტკივნეული ამასთან ერთად არის რეპუტაციული ნაწილი, რომ ხვალ, ზეგ ფოსტა რომ დასტაბილურდება და განცხადებას გააკეთებენ მერე ალბათ გაუჭირდებათ ის რომ მცირე ბიზნესი ისევ შემოტრიალდეს მათკენ და ენდოს. ეს არის მათთვის ძალიან ცუდი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რეპუტაციულ ნაწილზე ნაკლებად ფიქრობენ,”- აცხადებს ლადო კანდელაკი.

ცნობისთვის, საქართველოს ფოსტის 2022 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 23 მილიონი ლარით შემცირდა და ₾71 მილიონი შეადგინა. ამასთან, გაიზარდა “ფოსტის” ზარალიც, თუკი 2021 წელს ეს 1.1 მილიონი ლარი იყო, 2022-ში ზარალმა 12 მილიონ ლარს მიაღწია. უცნობია იყო თუ არა ტარიფების დრამატულად გაზრდის მიზეზი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები- შესაბამისი კითხვებით bm.ge საქართველოს ფოსტას, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა უკვე რამდენიმე დღეა მიმართავს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამასთან, შეცვლილი საფასო პოლიტიკის შესახებ ოფიციალური განმარტება კომპანიას ამ დრომდე არ გაუკეთებია, შესაბამისად, მომხმარებლებმა გაზრდილი ტარიფები ახალი წლიდან უშუალოდ სერვისცენტრებში შეიტყვეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები