მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბედნიერი თანამშრომელი და კორპორატიული კულტურა - "თიბისიმ" ეჯაილის დანერგვა დაიწყო

5dea956d30322
BM.GE
06.12.19 23:29
9235
„თიბისიმ“ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. აღნიშნულ პრინციპზე BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა და ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა გვანცა მურღლიანმა ისაუბრეს.

როგორც ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, კორპორატიული კულტურა და ზოგადად ეჯაილი, მსოფლიოში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ის არის სტრატეგიული განვითარების ინსტრუმენტი, რაც განასხვავებს კომპანიებს ერთმანეთისგან.

„ადამიანები ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ხალხი, რომელიც კომპანიაში მუშაობს არის ის, ვინც ქმნის მაგარ რაღაცებს და არა ბრენდი ან კომპანია. ბრენდის უკან არის ადამიანი, რომელსაც განსხავებული კულტურა უნდა ჰქონდეს, რომ მაგარი რაღაცები შექმნას. ეჯაილი არის მოწყობის ახალი მეთოდიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ რაღაც ტიპის კომპანიებში მუშაობს, რომელთაც შესაბამისი კორპორატიული კულტურა აქვთ. ჩვენ „თიბისიში“ ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ კორპორატიულ კულტურაზე, იმ დონეზე, რომ მენეჯმენტი კომპანიის პირდაპირ ვართ პასუხისმგებელი და ამას ვზომავთ, როგორი კორპორატიული კულტურა გვაქვს და როგორი გვინდა, რომ გვქონდეს“,- აღნიშნა ქურდიანმა.

მისივე თქმით, „თიბისიში“ ერთ-ერთი მთავარი სიტყვა, რომელიც სურთ რომ ყველას ძალიან კარგად ჰქონდეს გააზრებული, არის გამბედაობა, შეცდომის არშიში, ექსპერიმენტების სურვილი.

„გამბედაობას მოჰყვება გამბედავი მიზნები, ჩვენ რომ უზბეკეთში გავედით და კიდევ სხვა ქვეყნებზე ასე თამამად ვლაპარაკობთ, ის რომ ისეთ ტრანსფორმაციებს ვაკეთებთ, როგორიც არის ეჯაილის და კორპორატიული კულტურის მოდიფიკაცია და ტექნოლოგიური წინსვლა, ამას გამბედაობა სჭირდება.

ახლა მსოფლიოში განიხილება ჩამოყალიბებული მიზნით განსხვავებული კომპანიები. არიან კომპანიები, რომელთაც იციან რა უნდათ, მაგალითად, „გუგლის“ არ მავიწყდება, მათ უნდათ, რომ დააორგანიზონ და ხელმისაწვდომი გახადონ მსოფლიოში ინფორმაცია, რამხელა მიზანია რომ წარმოვიდგინოთ ხომ? ამიტომაც ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ რასაც ვაკეთებ და იმ სფეროში, სადაც ვმოღვაწეობთ, ჩვენ ვამარტივებთ ადამიანების ცხოვრებას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ძალიან ადეკვატურად და მარტივად შევხედოთ, ამიტომ ასეთ დიდ მიზანს რომ ჩამოიყალიბებ, პირველ რიგში უნდა ჩაიხედო შენთან, შიგნით კომპანიაში და დაფიქრდე რამდენად მორგებულია ამ მიზანს კორპორატიული კულტურა და რამდენად ყველას კარგად ესმის, არის თუ არა გამარტივება ჩვენი მთავარი მიზანი“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.

თავის მხრივ თანამშრომლის ბედნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა, გვანცა მურღლიანმა. მისი თქმით, ბედნიერი თანამშრომელი ავტომატურად უდრის ბედნიერ მომხმარებელს:

„პირველი - ბედნიერ ადამიანებთან ყველას უნდა ყოფნა და ეს ძალიან გადამდებია, მეორე - მათ გაცილებით დიდი მოტივაცია აქვთ, რომ საქმე აკეთონ უფრო დიდი ენერგიით, უფრო მეტ მიზნებს მიაღწიონ და ზოგადად უფრო პოზიტიური მორალი შეიქმნას ორგანიზაციაში. ესეც ძალიან უახლოვდება კორპორატიულ კულტურას, იმიტომ რომ მორალი ორგანიზაციის და ის მთავარი შიდა წვის ძრავა, რომელიც ორგანიზაციას ამოძრავებს, ზუსტად ორგანიზაციული კულტურა და ადამიანები არიან, რომლებიც ამას ქმნიან“.

გვანცა მურღლიანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი სისტემა გათვლილია ცალსახად მილენიალებზე.

„იმიტომ რომ ეს არის ის სამუშაო ძალა, რომელსაც ჩვენ ვასაქმებთ. ეს არ არის რაღაც ამორფული ცნება, ეს მილენიალები ჩვენი თანამშრომლები არიან. გარდა იმისა, რომ არსებული თანამშრომლები არიან, ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, შემდეგი თაობა როგორ დავაინტერესოთ და როგორ მოვიყვანოთ ორგანიზაციში სამუშაოდ. თანამედროვე თაობას რა უნდა? ზუსტად ეს გამარტივებული ცხოვრება, ხელმისაწვდომი ყველაფერი, გაჯეტები, ციფრულად ადაპტირებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მათ ყველაზე კარგად ესმით, რას ნიშნავს გაუმარტივონ ადამიანებს ცხოვრება. გარდა იმისა, რომ ჩვენ მომხმარებლებთან გვაქვს დაპირება, რომ გავუმარტივოთ ცხოვრება, ასევე თანამშრომლებთანაც გვაქვს ეს დაპირება, რომ გავუმარტივოთ მათაც ცხოვრება და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ორგანიზაციის შიგნით არსებული რესურსები“, - განაცხადა მურღლიანმა.