მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BEKO: თუ თანამშრომლები უნდა შევინარჩუნოთ, პროდუქციის გაყიდვის საშუალება უნდა მოგვცენ

5e84ad79a85d2
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 19:04
3380
"თუ გვეუბნებიან, რომ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლები, ამისთვის კომპანიამ უნდა იარსებოს, ამიტომ რაიმე სახით/ფორმით რეალიზაცია უნდა გვქონდეს, ონლაინ მაღაზია ამისთვის კარგი საშუალებაა", - ამის შესახებ BM.GE-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიას არ აქვს ინფორმაცია, რატომ შეზღუდა მთავრობამ ტენიკის ონლაინ მიწოდების სერვისი, თუმცა მათ ბიზნესომბუდსმენს მიმართეს და 1-2 დღეში მიიღებენ პასუხს შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას.

„ამ დროისთვის ყველა - 68 მაღაზია, 7 მომსახურების სერვის ცენტრი დაკეტილია.

21 მარტს დავკეტეთ მაღაზიები, 25-ში დავკეტეთ ოფისი და იმის მერე დისტანციურ მუშაობაზე ვართ გადასული. ანუ ონლაინ მაღაზიები მუშაობდა, სერვის ცენტრები მუშაობდა, გუშინდელი ბრძანების შემდეგ კი, ონლაინ მაღაზიების გარდა სერვის ცენტრები და საწყობებიც დაიკეტა.

რაც შეეხება ონლაინ მაღაზიის მუშაობას, ჩვენმა იურისტმა ბიზნესომბუდსმენს მისწერა წერილი, რომ იქნებ დაუშვან საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების ონლაინ მუშაობა და დღეს-ხვალ ველოდებით პასუხს და მაგის მიხედვით ვიმოქმედებთ.

ამ საკითხებზე მუშაობს ჩემი იურისტი, ჩვენ კომუნიკაცია ასოციაციების მეშვეობით გვაქვს; ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, ზუსტად რა იყო, ეგ არ ვიცით, თუმცა ყველაფერი კორონავირუსთან საბრძოლველად რომ ხდება, ეს ცხადია.

თუ გვეუბნებიან, რომ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლები, ამისთვის კომპანიამ უნდა იარსებობს, ამიტომ რაიმე სახით და ფორმით რეალიზაცია უნდა გვქონდეს, ონლაინ მაღაზია კარგი საშუალება იყო. მაღაზიის მენეჯერები და თანამშრომლები მთლინად მობილიზებულები იყვნენ ონლაინ გაყიდვებზე და სახლიდან მუშაობდნენ“, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

ამასთან, „ბეკოს“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ახლა პროდუქციის მიწოდებაზე მეტად მნიშვნელოვანი მომსახურების ცენტრების ფუნქციონირებაა, ვინაიდან მოქალაქეები სახლში არიან და ტექნიკის დაზიანების შემთხვევები უფრო ხშირია.

„ახლა ონლაინ მაღაზიაზე უფრო მნიშვნელოვანი მომსახურების სერვის ცენტრების ფუნქციონირებაა, ამჟამად ყველა არის სახლებში, ხან მაცივარი უფუჭდებათ, ხან უთო და ა.შ. თუ ჩვენ ვერ მოვემსახურებით ეს პრობლემა იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენ სერვის-ცენტრები დახურული გვაქვს და ეს სრულიად არასწორია. ჩვენი იურისტი ამ საკითხზეც მუშაობს, იქნებ რამენაირად დაუშვან, რომ მომსახურების ცენტრები მაინც  გავხსნათ და რამდენიმე კაცი მაინც ვამუშაოთ“, - ამბობს კომპანიის გენდირექტორი. 

მეჰმედ მელექის თქმით, „ბეკოს“ სისტემაში ჯამში 600-700 კაცი მუშაობს. „მათ უკან დგანან ოჯახები და ეს რომ დავიანგარიშოთ 2 500 ადამიანზე ვართ პასუხისმგებელნი", - ამბობს ის და დასძენს, რომ  სწორედ ამიტომ შემცირებული გაყიდვების მიუხედავად კომპანია სრულად უნაზღაურებს თანამშრომლებს ხელფასებს.

„მას შემდეგ, რაც დავხურეთ მაღაზიები, ჩვენ არც თანამშრომლები შეგვიმცირებია და არც ხელფასები დაგვიკლია მათთვის, მარტის თვეში სრულად ჩავურიცხეთ თანხები და ვიმედოვნებთ, რომ აპრილის თვეში ყველაფერი მალე დამთავრდება და დასტაბილურდება და ჩვენ ამის შემდეგ ახალი ენერგიით და ხალისით შევუდგებით ჩვენს საქმეს“, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები