მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები ისევ იზრდება

63d21d6a7ccb6
გიორგი თოლორდავა
26.01.23 10:32
620
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია, ანუ კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება დამატებით 3%-ით, $1.06-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 11%-ითაა გაზრდილი და 23,700 დოლარს აღწევს. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 445 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 1,640 დოლარამდეა გაზრდილი; კაპიტალიზაცია კი 200 მილიარდ დოლარს აღწევს. ერთ კვირაში ეთერიუმის ღირებულება 5%-ითაა გაზრდილი.

მკვეთრადაა გაძვირებული სხვა მსხვილი კრიპტოაქტივებიც, მათ შორისაა: Cardano, Solana, Avalanche, Polkadot, Polygon.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.7%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა გასულ წელს ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, რაც სწორედ რეკორდულად მაღალი, 9%-იანი ინფლაციით იყო განპირობებული.

ინფლაციის შენელება FED-ს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ.

მოგეხსენებათ, FED-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი - პირიქით.