მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance-ი რამდენიმე მაღალი რანგის აღმასრულებელმა მენეჯერმა დატოვა

64a7a8986847b
გიორგი არონია
07.07.23 10:31
372

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის რიგები რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანმა თანამშრომელმა, მათ შორის კომპანიის სტრატეგიულმა დირექტორმა, პატრიკ ჰილმენმა, ქომფლაენსის მიმართულებით უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, სტივენ კრისტიმ და მთავარმა იურისტმა, ჰონ ენგმა დატოვეს.

კომპანიიდან მაღალი რანგის მენეჯერების გადინებას გამოეხმაურა მისი დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია ზრდას და ახალი თანამშრომლების აყვანას განაგრძობს.

“ორგანიზაციამ, რომელიც ექვს წელიწადში ოცდაათიდან რვა ათას ადამიანამდე გაიზარდა და დაფუძნებიდან ხუთ თვეში, ნულიდან მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟად იქცა (და ამ წოდებას დღესაც ატარებს) მომხმარებლის უსაფრთხოების მუდმივი დაცვა მოახერხა და ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ჩვენთან, პლანეტის ყველაზე ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ.

გლობალური კრიპტოინდუსტრიის ცვლილებასთან ერთად, ვითარდება ჩვენი ორგანიზაციაც, ხოლო ადამიანების პირადი მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად, იცვლება კომპანიის თანამშრომელთა ბაზაც. მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ კომპანიის გაზრდაში შეიტანეს და მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ. ამასთან, ვულოცავთ ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებმაც ვაკანტური ადგილები შეავსეს. თითოეული მათგანი უმაღლესი დონის პროფესიონალია”, - ვკითხულობთ ჩანგპენგ ჟაოს განცხადებაში.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი მიმდინარე წელს, სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელმა ორგანოებმა Binance-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. საფრანგეთში, კომპანიას ფულის გათეთრებას და ვირტუალური აქტივების სერვისების არალიცენზირებულ მიწოდებას ედავებიან, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელებიც კი არის შეტანილი.

დღეს, Binance-ის ტოკენის, BNB-ის საბაზრო ღირებულება $235-ის ფარგლებში მერყეობს, რაც 1.3%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირის წინ და 65%-ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის მაისში, როცა აქტივის ფასი პიკში იყო. Binance-ის დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს ქონებას ამერიკული Forbes-ი $10.2 მილიარდად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები