მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია Binance-ს და ჩანგპენგ ჟაოს უჩივის

6422abda8e32b
გიორგი არონია
28.03.23 12:59
535

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია (CFTC) მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას, Binance-ს და მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონმდებლობის დარღვევასა და ამერიკელი მომხმარებლებისთვის დაურეგისტრირებელი კრიპტოადერივატივებით ვაჭრობის განზრახ შეთავაზებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. როგორც მარეგულირებლის მიერ ილინოისის საოლქო სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ვიგებთ, საუბარია ბიტკოინში, ეთერში, ლაითკოინში, ტეზერსა და Binance USD-ში ვაჭრობაზე, რომლებსაც საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია საბირჟო საქონლად მოიხსენიებს.

მარტივად რომ ვთქვათ, აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისია მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას დაურეგისტრირებელ ვაჭრობაში ადანაშაულებს, რადგან მათი შეფასებით, კრიპტოვალუტები, რომელთა დერივატივებით ვაჭრობის საშუალება Binance-ის მომხმარებლებს ნამდვილად აქვთ, საბირჟო საქონელს წარმოადგენს, ასე რომ კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ამ პროდუქტებით ვაჭრობის საშუალებას აძლევს, შესაბამისი სერვისის პროვაიდერად უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, მარეგულირებელი Binance-ს არაშესაფერის მმართველობაში და მომხმარებელთა ავთენტიფიკაციისა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით არასათანადო ბერკეტების ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს.

როგორც სამართლებრივი დოკუმენტიდან ირკვევა, მარეგულირებელი Binance-სა და მის თანამშრომლებს მათი ადგილმდებარეობის განზრახ დასამალად გარკვეული სქემების შექმნაშიც ადანაშაულებს. “პლატფორმის ადგილმდებარეობის, მფლობელობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურის დასამალავად Binance-ი განზრახ იყენებს კორპორაციული ერთეულების ერთგვარ ლაბირინთს”, - ვკითხულობთ სარჩელში. ამასთან, მარეგულირებელი კომისია აღნიშნავს, რომ ჩანგპენგ ჟაო ერთპიროვნული მმართველია, რომელიც არავის წინაშე აგებს პასუხს საკუთარი თავის გარდა.

სამართლებრივი სარჩელი მალევე განმარტა თავად მოსარჩელე მხარემ. როგორც CFTC-ის პრესრელიზში ვკითხულობთ, რომელიც არგუმენტად Binance-ის თანამშრომლების შიდა ჩატებისა და წერილების ამონაწერს იყენებს, კრიპტობირჟის თანამშრომლები განზრახ არიდებდნენ თავს აშშ-ის კანონმდებლობას, რისთვისაც ამერიკაში მყოფ მომხმარებლებს საკუთარი ჭეშმარიტი ადგილმდებარეობის, ანუ IP-მისამართის დასამალად სხვადასხვა ტექნოლოგიების, მათ შორის VPN-ის გამოყენებას ურჩევდნენ. როგორც მარეგულირებელი ირწმუნება, მომხმარებლების მიერ VPN-ის გამოყენება ერთგვარი ღია საიდუმლო იყო, რომლის შესახებ Binance-მა არათუ იცოდა, არამედ ახალისებდა კიდეც. CFTC-ის გადმოსახედიდან, ამერიკული კანონმდებლობისგან თავის ასარიდებლად, Binance-ი მნიშვნელოვან კორპორაციულ კლიენტებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და ნიდერლანდებში ფიქციური კომპანიების დარეგისტრირებაშიც ეხმარებოდა.

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიის შეფასებით, Binance-ის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ამერიკელი მომხმარებლების წილი კრიპტობირჟის სამომხმარებლო ბაზაში საკმაოდ დიდი იყო და 2020 წლის ივნისის მდგომარეობით 17.8%-ს შეადგენდა, რაც CFTC-ის აზრით, პრობლემის მასშტაბურობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ CFTC-ის მიერ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა თავად Binance-იც, მაგრამ კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, კომპანიამ მოცულობითი ინვესტიცია განახორციელა პლატფორმაზე ამერიკელი მომხმარებლების რიცხვის კოლოსალურად შესამცირებლად და KYC-პროცედურების დასანერგად, რისთვისაც, კომპანიის იურიდიული შესაბამისობის, ე.წ. “ქომფლაიენსის” გუნდი ასიდან შვიდას ორმოცდაათ თანამშრომლამდე გაიზარდა.

ამასთან, Binance-ის პრესსპიკერი თავად სამართლებრივ სარჩელსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის მოულოდნელი და გულდასაწყვეტია, რადგან კომპანია უწყებასთან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის თქმით, ის მარეგულირებელთან მუშაობას კვლავ გააგრძელებს. ამასთან, მათი თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რეზიდენტებს და აშშ-ის მოქალაქეებს კრიპტობირჟაზე წვდომა შეუზღუდოს.

აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიის მიერ Binance-ისა და ჩანგპენგ ჟაოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას უარყოფითად შეხვდა გლობალური კრიპტობირჟა. მედიაში გავრცელებიდან მალევე, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა და ამ მომენტამდე, გასულ 24 საათში, მისი ფასი კვლავ 3%-ითაა შემცირებული. ფასის კლება აისახა Binance-ის კრიპტოვალუტაზეც -  BNB-ის ფასი, ბოლო 24 საათში, 5%-ითაა შემცირებული. ძირითადი კრიპტოვალუტების ფასის შემცირების პარალელურად, ცხადია, დაიკლო გლობალური კრიპტობაზრის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამაც - ამ მხრივ, გასულ 24 საათში, 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები