თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი კრიპტოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო. იმ დროს ბევრი რამ მოხდა, მაგრამ განსაკუთრებით დატვირთული ეს წელი ხმაურიანი დაკავებებით იყო. იმ წელს, სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდიკრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი, ასევე თაღლითური კრიპტოპროექტის, Terra/Luna-ს დამფუძნებელი დუ კვონი.
ორი წლის წინ, დაკავებულთა სიაში ასევე მოხვდა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binanace-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო. თავის დროზე, CZ-ის წინააღმდეგ გამოძიება CFTC-მ დაიწყო, რომელმაც ანტერპრენიორი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის დარღვევაში, სანქციების გვერდის ავლის პროცესში ჩართვაში და ამერიკელი მომხმარებლებისთვის დაურეგისტრირებელი კრიპტოადერივატივებით ვაჭრობის განზრახ შეთავაზებაში დაადანაშაულა.
დავა რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ხოლო Binance-ის დამფუძნებელმა დანაშაული ოფიციალურად აღიარა და კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამასთან, ანტრეპრენიორმა ჯარიმის სახით $4.3 მილიარდი გადაიხადა, რაც ერთ-ერთი უდიდესი ამ ტიპის კომპენსაციაა ისტორიაში. მორიგების ფარგლებში, მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟამ ბრალი აღიარა და ქომფლაიენსის მიმართულებით შიდა პროცესები შეცვალა. მას შემდეგ, Binance-ი ახალი მენეჯმენტით ფუნქციონირებს.
Binance-ისთვის და ზოგადად კრიპტოინდუსტრიისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიზოდი კრიპტობირჟის რეგიონულმა დირექტორმა, კირილო ხომიაკოვმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემა TECH INFORM-ში სტუმრობისას გაიხსენა. მისი თქმით, ჩანგპენგ ჟაოს დაკავება შოკი იყო, როგორც კომპანიისთვის, ასევე მთელი ინდუსტრიისთვის, მაგრამ დღეს, კომპანია ცვლილებებს პოზიტიურად უყურებს.
“როგორც იცით, აშშ-ში მორიგებით დავასრულეთ სასამართლო დავა, რომელიც წარსულში დაშვებულ შეცდომებს უკავშირდებოდა, რომლებიც ჩანგპენგ ჟაომ და კომპანიამ აღიარეს. აშშ-ის ხელისუფლებამ ბევრი ბრალდება წამოაყენა, მაგრამ მხოლოდ ორი დადასტურდა. 2017-2019 წლებში, კომპანია არ აკმაყოფილებდა AML-ის მოთხოვნებს და ემსახურებოდა ამერიკელ კლიენტებს, როცა ეს დაუშვებელი იყო. ეს ჩვენი შეცდომები იყო, რომლებიც ვაღიარეთ. შედეგად, CZ-მ გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. ამასთან, გადავიხადეთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმა $4.3 მილიარდის მოცულობით, ხოლო ჟაოს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ეს ნამდვილად შოკი იყო, თან არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი კრიპტოინდუსტრიისთვის. CZ-მ ინდუსტრიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და მოვლენების ამგვარი განვითარება მოულოდნელი იყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. მას შემდეგ, Binance-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა — გავაძლიერეთ კორპორაციული სტრუქტურა და ქომფლაიენსი, რათა მსგავსი შეცდომები აღარასდროს განმეორდეს. ამჟამად გვყავს დამოუკიდებელი საბჭო, 650-ზე მეტი საუკეთესო ქომფლაიენსის ექსპერტი და ორი მონიტორი აშშ-ის ხელისუფლებიდან — FinCEN-დან DOJ-დან, რომლებიც ჩვენს პროცესებს ყოველდღიურად აკვირდებიან.
ამ ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებთ. შიდა სამუშაო პროცესებში ამას Binance 2.0-ის სახელით ვიცნობთ, რადგან ეს ზრდის ჩვენს რეპუტაციას. ჩვენი მომხმარებლები ახლა გაცილებით მეტად ენდობიან Binance-ს და მის ოპერაციებს”, — განაცხადა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა TECH INFORM-ში.
ჩანგპენგ ჟაოს შემდეგ, Binance-ის გენერალური დირექტორის პოსტი რიჩარდ ტენგმა დაიკავა, რომელიც ამ დრომდე რეგიონული ბაზრების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. როგორც Binance-ის რეგიონული დირექტორი, კირილო ხომიაკოვი TECH INFORM-თან ინტერვიუში ამბობს, ხელმძღვანელად რიჩარდ ტენგის დანიშვნის შემდეგ, Binance-ი განვითარების ახალ, მეტად სისტემურ ეტაპზე გადავიდა.
“გარკვეული დროის განმავლობაში რიჩარდთან ვმუშაობდი, როგორც ჩემს უშუალო მენეჯერთან და მისი სტილი ძალიან მომწონს. ის სრულიად განსხვავებული პიროვნებაა ჩანგპენგ ჟაოსგან. თუ CZ ქარიშხალი და ცეცხლი იყო, რიჩარდი ძალიან მშვიდი, ბრძენი და სტრუქტურირებული ლიდერია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მას კარგად ესმის რეგულაციები და მათი გავლენა ბაზარზე. ადრე, რიჩარდი ორ უმნიშვნელოვანეს მარეგულირებელთან მუშაობდა, მათ შორის სინგაპურის MAS-თან და აბუ-დაბის მარეგულირებელთან. ამიტომაც, რიჩარდი Binance 2.0-ის სახელით ცნობილი ხედვის აღსრულებას წარმართავს, მარეგულირებლებთან თანამშრომლობს და ცდილობს, კომპანიის რეპუტაცია კიდევ უფრო მეტად გაამყაროს”, — განაცხადა კირილო ხომიაკოვმა TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა უშუალოდ კომპანიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციების საჯარო განთავსება, ანუ IPO არ არის ის მიზანი, რომელიც კომპანიას ამ დროისთვის აქვს.
“როგორც CZ-მ ცოტა ხნის წინ X-ზე დაწერა, ამჟამად, Binance-ი არც საჯარო კომპანიად გადაკეთებას გეგმავს და არც — გაყიდვას. არ ვიცი, რას ფიქრობენ აქციონერები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ. ქომფლაიენსთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოვაგვარეთ, ახალ ბაზრებზე შევედით და სრულად თვითკმარი კომპანია ვართ. ჩვენ არც სესხები გვაქვს და არც ვალი. ჩვენი ბიზნესმოდელი მარტივია — მომხმარებლებისგან მხოლოდ მინიმალურ საკომისიოს ვიღებთ. ეს სტაბილური და მოგებიანი სტრუქტურაა და არ მიკვირს, თუ აქციონერები დამატებით ინვესტიციებს არ ეძებენ, რადგან ჩვენ ეს უბრალოდ არ გვჭირდება”, — აღნიშნა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა TECH INFORM-ში.