მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტს პურის ფასის კიდევ 3 თვით დაჭერა 6-7 მლნ ლარი დაუჯდება

605db072a4c01
ელენე გოგბერაშვილი
26.03.21 14:03
1866
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ bm.ge-ს ექსკლუზიურად უთხრა, რომ მთავრობა დათანხმდა მეხორბლეთა და პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ასოციაციების მოთხოვნას ფქვილის სუბსიდირების პროგრამის კიდევ სამი თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვის განმავლობაში აამოქმედა, რომლის ვადაც რამდენიმე დღეში იწურება. აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს, თუმცა ამ 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია. ამჯერად კი კერძო სექტორის მოთხოვნით სუბსიდიის მოცულობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში 20 ლარამდე გაიზრდება.

როგორც ასოციაციები ამბობენ, ამის მიზეზი წყალსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ხარჯია. მათი თქმით, გაზრდილია ასევე შესაფუთი მასალების ღირებულება და უკვე 2021 წლის იანვრიდან დღგ-თი იბეგრება სუბსიდიაც. შესაბამისად, იმისთვის, რომ წისქვილკომბინატებმა ფიქსირებულ 53 ლარად მიაწოდონ პურის ქარხნებს ერთი ტომარა ფქვილი და ე.წ სოციალური პური არ გაძვირდეს,  საჭიროა, სუბსიდიის მოცულობა 20 ლარით განისაზღვროს.

„სამი თვით პროგრამის გაგრძელება გათვალისწინებულია იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი, გაზაფხულისთვის უნდა დაიწყოს ელევატორების ე.წ. ჩაწმენდის პროცესი, ფასმა შედარებით უნდა დაიკლოს ხორბალზე და ახალი წლის მოსავალმა განსაზღვროს ახალი საფასო პოლიტიკა. ამიტომ, სანამ ახალი მოსავალი მოვა, სანამ ასეთი მაღალი საფასო სეგმენტია და ძალიან ძვირად არის შეძენილი ხორბალი, ჩვენმა მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, დათანხმებოდა სხვადასხვა ასოციაციის მიერ წარდგენილ პოზიციებს და დოკუმენტშიც აესახა“-აცხადებს გელა ხანიშვილი.

რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განგვიცხადა, სუბსიდირების 3 თვით გაგრძელება ბიუჯეტს დაახლოებით 6-7 მილიონი ლარი დაუჯდება, საიდანაც 2 მილიონამდე ლარის რესურსი უკვე გამოყოფილი - 10 მილიონიდან დაზოგილი თანხაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები