მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სექტორის ბრუნვა II კვარტალში 11.5%-ით, 22.3 მლრდ ლარამდე შემცირდა

5f50b38d7623d
BM.GE
03.09.20 13:17
1021
საქსტატმა საწარმოთა საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.5%-ით შემცირდა და 22.3 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და მაქსიმალურ მაჩვენებელს - 31.4 მლრდ ლარს მეოთხე კვარტალში მიაღწია. რაც შეეხება 2020 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი პირველი კვარტალისთვის 26.0 მლრდ ლარამდე, ხოლო მეორე კვარტალში 22.3 მლრდ ლარამდე შემცირდა.

ბრუნვა ყველაზე დიდი მოცულობით , 47.2 %-ით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სექტორში. ასვე, 37.1 %-ით არის გაზრდილი ბრუნვის მოცულობა სოფლის, სატყეო და თევზების მეურნეობის სექტორში. რაც შეეხება შემცირების ტენდენციას, ყველაზე მეტად შემცირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებების საქმიანობის სექტორი (კლება 66.7 %) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის სექტორი (კლება 65.7 %).

საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 76.8 % დედაქალაქზე მოდის, ქვემო ქართლში - 5.2 %, აჭარის რეგიონში - 4.6 %, იმერეთში - 3.7 %, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3.3 %, ხოლო ყველა სხვა რეგიონების ჯამური წილი 6.4 %-ს შეადგნეს.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 58.8 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 17.8 % -საშუალოზე, ხოლო 23.4 % - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ცნობისთვის: საქსტატი ბიზნეს სექტორის შესახებ მონაცემებს საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევიდან იღებს.