მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდას ითხოვს

62dab4b9875de
ელენე გოგბერაშვილი
22.07.22 19:31
2052
მოქმედი საგადასახადო კოდექსით, თუ დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100 000 ლარს გადააჭარბებს, ბიზნესი უკვე დღგ-ის გადამხდელად ითვლება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 ივლისის მდგომარეობით, დღგ-ის გადამხდელად 104,484 პირია რეგისტრირებული. მათთვის დღგ-ის განაკვეთი დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18%-ია.

ლარის გაცვლითი კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ბიზნესი თვლის, რომ დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვარი მცირეა და ის მინიმუმ 0,5 მლნ ლარამდე უნდა გაიზარდოს. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღგ-სთან დაკავშირებით პოლიტიკის ცვლილება კერძო სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რაც სახელმწიფოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანია, ვიდრე ამ პირობებში ბიზნესის დატოვება. როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან და ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის შუამავლის როლს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ასრულებს.

„იმ დროს, როცა 100 000-ლარიან ზღვარზე დაიწყო საუბარი და ვალდებული ხდებოდა დღგ-ის გადამხდელი ყოფილიყო ესა თუ ის ბიზნეს ოპერატორი, ერთი დოლარი 1,65 ლარი ღირდა და ფასები 10-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე დღეს გვაქვს. თუ შევადარებთ ბიზნესის მაშინდელ და დღევანდელ ბრუნვას, შეუსაბამოა. პოლემიკა, უნდა გაიზარდოს თუ არა ზღვარი, მგონი, არასწორია. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენი შეიძლება იყოს ზღვარი, იყოს ეს 600 000 თუ 0,5 მლნ ლარი. შემოსავლების სამსახურმა უნდა დათვალოს, თუ ზღვარი გაიზრდება, დააკლდება თუ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხა ბიუჯეტს, თუ ჩაბრუნებული თანხა ეკონომიკაში იქნება იმაზე მეტი შემოსავლის წყარო, ვიდრე დღევანდელ რეალობაში გვაქვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ზღვრის გაზრდა? როგორც ვიცით, დღგ არ არის მოგების გადასახადი, ესაა ბრუნვის გადასახადი. მოგებაზეც რომც არ გავიდეს ბიზნესი, ვალდებულია, დღგ იქნას გადახდილი. აუცილებელია, ეს ცვლილებები მოხდეს, რადგან შეიცვალა ცხოვრების წესი, ფასი, ამიტომ ვფიქრობთ, უნდა გაიზარდოს“, - განმარტავს ბურჯანაძე.

წლებია დღგ-ის ზღვრის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაც. ივა ჭყონია, თვლის, რომ დღგ-ს ზღვარი მინიმუმ 500 000 ლარი მაინც უნდა იყოს.

„100 000-ლარიანი ზღვარი რომ ბიზნესისთვის ძალიან დაბალია, ცხადია, და ამაზე 3 წელია ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია მინიმუმ 500 000 ლარამდე გაიზარდოს ზღვარი. ინფლაციას, ლარის გაცვლით კურსს ვუყურებთ, შესაბამისად, მცირე მეწარმეს თუ ჰქონდა ბრუნვა 100 000 ლარის ფარგლებში, დღეს 300 000 ლარის ფარგლებში შეიძლება ჰქონდეს, შესაბამისად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია დღგ-ის ზღვარი გაიზარდოს მინიმუმ 0,5 მლნ ლარამდე მაინც“, - ამბობს ივა ჭყონია.

დღგ-ის ზღვრის გაზრდასთან ერთად ბიზნესი თვლის, რომ გადასახედია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთიც.

„18%-იანი ბრუნვის გადასახადის დატოვება ტურისტულ ბიზნესისთვის არასწორია. ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცეთ ბიზნესებს მცირე ხანი მაინც. ბიზნესს სუნთქვის საშუალება თუ არ მიეცა, განვითარების პროცესი ფერხდება. გრძელვადიან პერიოდში ეს უფრო დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის, ვიდრე იმის დატოვება, რაც დღეს გვაქვს“, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

„დღგ-ის განაკვეთის შემცირება კარგია ბიზნესისთვის, წამახალისებელი იქნება, თუმცა ვეჭვობ, ეს თამამი ნაბიჯი გადადგას მთავრობამ. დეფიციტურია ბიუჯეტი და ამის საშუალება არ აქვთ, თუმცა ეს შესაძლებელი იქნებოდა სწორად, ქამრების შემოჭერის ხარჯზე განესაზღვრათ თუნდაც სახელფასო პოლიტიკა საჯარო სექტორში, დაეზოგათ მივლინებების, საწვავის ხარჯი“, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი.

რთული სათქმელია, რამდენად შეცვლის საგადასახადო პოლიტიკას მთავრობა იმის გათვალისწინებით, რომ დღგ-ის გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მიმდინარე წლის 6 თვეში სულ მთავრობამ დღგ-დან 3.3 მლრდ ლარის გადასახადი აკრიფა, საიდანაც 2,7 მლრდ - ცენტრალურ, 645 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში დარჩა. აღსანიშნია ისიც, რომ დღგ-ის ზედმეტობის სახით ბიზნესს სახელმწიფომ მიმდინარე წლის 6 თვეში 1,1 მლრდ ლარი დაუბრუნა.

რა მსვლელობა მიეცემა ბიზნესიდან წამოსულ ინიციატივებს, ბუნებრივია, bmg ამ პროცესს თვალყურს მიადევნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები