მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი მთავრობას დახმარებას სთხოვს - "გვჭირდება კონკრეტული ქმედებები, რომ ბიზნესი შევინარჩუნოთ"

5e8f2be839828
ელენე გოგბერაშვილი
09.04.20 22:16
1385
გლობალური პანდემიის ნეგატიური შედეგების შესარბილებლად მთავრობის პირველადი დახმარების პაკეტი უკვე შეეხო ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს, თუმცა სხვა სექტორები, ჯერ კიდევ ელოდებიან მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას.

იმისთვის, რომ ბიზნესები შენარჩუნდეს და მათ სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ, კერძო სექტორი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. გადასახადების გადავადება, საპენსიო შენატანების შეჩერება და სექტორალურად სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - ეს არის ბიზნესის ხედვა, რაც მთავრობამ პოსტკრიზისულ გეგმამდე უნდა აამოქმედოს.

„ჩემი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება მთავრობისთვის, რომ გადახედონ და არა იმპორტირებისას მოხდეს დღგ-ს გადახდა, არამედ პროდუქციის რეალიზაციის შესაბამისად. ეს შეუმსუბუქებს ყველა ბიზნეს ოპერატორს ყოფას, იმიტომ, რომ რეალურად ნამდვილად რთულ პერიოდში მოგვიწევს ჩვენ ოპერირების გაგრძელება. უახლოეს 1-2 თვეში და შემდეგ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება და მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა.

არავინ არ ითხოვს, რომ გამოიყოს 2 მლრდ და ვიღაც გახდეს ვიღაცის დონორი, მითუმეტეს მთვარობა გახდეს ბიზნესის დონორი, ეს ნამდვილად არ გვჭირდება, პირიქით შეგვიმსუბუქონ, მოგვცენ იმის საშუალება, რომ რეალურად რეალიზაციის მიხედვით გადავიხადოთ დღგ. რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იქნება აგრეთვე მინიმუმ 3 თვე კომპანიები გაათავისუფლონ და არა გადაუვადონ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

„უფრო მეტი აქცენტი კეთდება პოსტ-კრიზისულ პერიოდზე, მაგრამ იქამდე უნდა მივიდეთ. რამდენი ხნით გაგრძელდება ეს კრიზისული პერიოდი, არავინ არ ვიცით. აი ამ ეტაპზე გვჭირდება კონკრეტული ქმედებები, რომ შევინარჩუნოთ ბიზნესი და მეორე მხრივ, მერე ვიფიქროთ პოსტკრიზისულ პირობებზე. მერეც შეგვიძლია ვიფიქროთ და ახლაც შეგვიძლია ვიფიქროთ და მოვემზადოთ ამისთვის რასაკვირველია, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც ამ კრიზისულ პერიოდზეა გასაკეთებელი“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

კერძო სექტორის ნაწილი მთავრობისგან არა წერტილოვან დახმარებას, არამედ კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ელის, სადაც გაწერილი იქნება როგორ ხედავს სახელმწიფო სექტორების მიხედვით კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

„მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული რეაბილიტაციის პროგრამა იყოს გაწერილი და უკვე ამის შემდეგ მოხდეს კონკრეტული შეღავათების განხორციელება. საუბარი იმაზე, რომ დღეს საპენსიო მიმართულებით გადახდა შეჩერდეს, იქ გარკვეული შეღავათი გაკეთდეს გადასახადის, ეს შეიძლება ამ პროგრამის ნაწილი იყოს, თუმცა, თუ ეს არ იქნება საერთო ჯამში გააზრებული და საერთო კონტექსტში გააზრებული, ამას ნაკლები შედეგი ექნება“, - აცხადებს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე.