მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადის გადმოწევის მოლოდინშია

5eb143fc5807f
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 15:00
2096
სესხის გამცემ სუბიექტთა და სავალუტო ჯიხურების ასოციაციის თანადამფუძნებლის, ლომბარდების „სოფტ ლოუნის“ და „სწრაფი კრედიტის“ ხელმძღვანელ ვახტანგ გრიგალაშვილის განცხადებით, სავალუტო ჯიხურების გახსნის ზუსტი დრო უცნობია.

ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სებ-ისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სესხების გამცემი სუბიექტების გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ 31 მარტიდან, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დროებით გაჩერდა სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეუძლიათ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის მიხედვით, ყველანაირი საფინანსო მომსახურების განახლება მე-4 ეტაპზეა ნებადართული, მაგრამ ვახტანგ გრიგალაშვილს იმედი აქვს, რომ ეს ვადა გადმოიწევს.

„ვადებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სამმა უწყებამ - ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა დაამტკიცოს, მათი ერთობლივი გადაწყვეტით უნდა დამტკიცდეს დრო, როდესაც საფინანსო ორგანიზაციები შეძლებენ ამოქმედებას. შეიძლება, ეს სწრაფად ვერ მოხდეს, თუმცა ჩვენ ყოველდღე გვაქვს კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და ველოდებით, ვადების ცვლილებას. არის პოზიტიური მოლოდინი, თუმცა კონკრეტული, ჯერჯერობით, არაფერი“, - განაცხადა ვახტანგ გრიგალაშვილმა.