მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი სეზონური სამუშაოს/მუშახელის ელექტრონული ბაზის შექმნის ინიციატივით გამოდის

619cd2238c665
ინგა მურუსიძე
23.11.21 15:34
790
მეთხილე ფერმერთა კავშირი სეზონური სამუშაოების და მუშახელის ძებნის ელექტრონული ბაზის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.

„ფერმერებმა მუშახელის სერიოზული დეფიციტის გამო თხილის მოსავლის ნაწილი ვერ აიღეს“, - აცხადებს bm.ge-სთან მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია და ამ გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთ გზად შესაბამისი ელექტრონული აპლიკაციის ამოქმედებას ხედავს, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველს დააკავშირებს.

„შესაძლებელია გაკეთდეს აპლიკაცია, სადაც სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველები ნახავენ, თუ სად ვინ სჭირდებათ და რამდენია ანაზღაურება“, - ამბობს ის.

ამასთან, მეთხილეთა კავშირის დირექტორი მიიჩნევს, რომ მუშა ხელის დეფიციტის, როგორც პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა მეტი კოორდინაცია ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.

"სხვადასხვა რაიონში მოსავალი სეზონურად არის ასაღები. მაგალითად, როცა კახეთში რთველია, ამ დროს სამეგრელოში არანაირი მოსავალი არაა ასაღები ანუ რა სურათი გვაქვს - დროის ერთ კონკრეტულ პერიოდში კახეთში მუშახელის დეფიციტია, ხოლო სამეგრელოში შეიძლება ვიღაც სამუშაოს ეძებს, მაგრამ ეს ორი ერთმანეთს ვერ ხედავს“, - განმარტავს ოთარ შეროზია.

ამასთან, როგორც მან bm.ge-სთან თქვა, მიმდინარე წლის ბოლოსთვის სახელმწიფოსა და ფერემერებს შორის შეხვედრა იგეგმება, რათა ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

„ამჟამად იმაზე ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაციის მოდელი, რომ მაგალითად, მოქალაქე, რომელსაც დასაქმების სურვილი აქვს, იმერეთიდან წავიდეს კახეთში და სეზონურ სამუშაოებში ჩაერთოს. ვფიქრობთ, შესაძლებელია შეიქმნას აპლიკაცია, რომელშიც მუნიციპალიტეტების გამგეობები ინფორმაციას შეიყვანენ როგორც ვაკანსიების შესახებ, ისე მათ შესახებ, ვინც ეძებს სამუშაოს“, - განაცხადა ოთარ შეროზიამ.

აღსანიშნია, რომ სამუშაო ძალის დეფიციტზე რამდენიმე კვირის წინ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. „თხილის მოსავალი დროულად ვერ ავიღეთ იმიტომ, რომ სამუშაო ძალა არ იყო“ - თქვა გიორგი ხანიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მისი შეფასებით ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა სამუშაო ძალის დეფიციტია.