„სექტორს უჭირს”, - თხილის მწარმოებლები სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტის დაანონსებული თანადაფინანსებით, პრობლემების აღმოფხვრის გზას ხედავენ.
„თხილის დაბალი ფასის, ფინანსების ნაკლებობის და პრობლემური სეზონების ფონზე დარგის დაფინანსებისგან ფინანსური ინსტიტუტებიც იკავებენ თავს“, - ამბობს „საქმის კურსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა, რომელიც აღნიშნავს, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ახალი კომპონენტის ამოქმედებით, ფერმერებს თხილის ბაღების მოვლის ხარჯებს შეუმცირდებათ, რაც მათ თხილის ხარისხზე კონცენტრაციის შესაძლებლობას მისცემს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ახალი კომპონენტი შემცირებული ექსპორტის, დაბალი ხარისხის და მოსავლიანობის ფონზე ამოქმედდა. მთავრობამ თხილის სექტორის დამატებითი მხარდაჭერა დააანონსა, რომლის ფარგლებში ამჯერად, მსხვილ ფერმერებს მოკლევადიან სესხებზე პროცენტის თანადაფინანსებას სთავაზობს.
პროგრამით დაფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი - 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით. სესხის მოცულობა კი, 5000 -დან 300 000 ლარამდეა, ამ ტიპის სესხებზე სახელმწიფო 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტიდან 8%-ის თანადაფინანსებაში შევა.
„სექტორს უჭირს, სექტორს ჰქონდა პრობლემები გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. ფაროსანას გამოც, თხილის ხარისხი ყოველწლიურად პრობლემის წინაშეა. ჩვენ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მცირე ფერმერებისთვის გადავჭერით, რომლებიც ბაღის მოვლისთვის 1 ჰა-ზე 500 ლარს იღებენ. ეს პროგრამა დაახლოებით 44 ათას ჰა-ზე გაშენებულ ბაღებს ფარავს. დარჩენილი ღია კომპონენტი იყო მსხვილი ფერმერები, ვისაც 3 ჰა-ზე მეტი ბაღი აქვს. ჩვენთვისაც პრობლემა იყო საბრუნავი საშუალებები. ეს პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს შეამცირონ ბაღის მოვლის ხარჯი და გაზარდონ მოგება, რეალიზაციის შესაბამისად. მოლოდინია, რომ საფინანსო ინსტიტუტებიც პოზიტიურად შეხედავენ ამ ვითარებას და მეტად დააფინანსებენ ფერმერებს“, - ამბობს მერაბ ჭითანავა და აღნიშნავს, რომ მსხვილი ფერმერები ქვეყანაში დაახლოებით 30- 35 000 ჰა ბაღებს ფლობენ.
კითხვაზე: ვინ უნდა გააკონტროლოს სესხის მიზნობრიობა და ხომ არ გაზრდის ეს ფერმერებისთვის ფინანსურ ტვირთს, მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ მიზნობრიობის გაკონტროლება თავად ფერმერის და საფინანსო ინსტიტუტის ინტერესშია.
„რისკები ყოველთვის არის სოფლის მეურნეობაში. გათვლაა იმაზე, რომ კეთილსინდისიერი ფერმერი, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღებს ამ ბენეფიტს, დააფინანსებს საბრუნავ კაპიტალს, გამოიყენებს მას მიზნობრივად და დააბრუნებს სესხს 12 თვის განმავლობაში. თუ არ დააბრუნა, მას სახელმწიფო მხარდაჭერა ჩაეხსნება და საპროცენტო განაკვეთის მთელი ტვირთი მას დააწვება და ეს მისი პრობლემა იქნება, თუ თანხა მიზნობრივად არ გამოიყენა და შედეგი ვერ მიიღო“, - აღნიშნავს ჭითანავა.