მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესის გადასახადების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს... ეს ჩვენი სიამაყის მაჩვენებელია“

62e6a38a69909
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.22 23:40
989
ბიზნესმენი და კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მცირე თუ დიდი კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს. ის ამბობს, რომ ბიზნესს ბიუჯეტის შევსებაში დიდი წვლილი შეაქვს და ამ ინფორმაციის საჯაროობა კერძო სექტორის სიამაყეს უნდა იწვევდეს.

ბიზნესმენმა ამის შესახებ გადაცემა „ბარში“ წარმატების მაგალითების განხილვისას ისაუბრა, სადაც სტუმრად ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან ერთად იმყოფებოდა.

რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი გადასახადებს არ იხდის და მისი საქმიანობის აღრიცხვა არ ხდება. ის თვლის, რომ ყველამ უნდა იცოდეს სად მიდის მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები.

„მცირე ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი შავ, ანუ აღურიცხავ ბიზნესშია გადასული. გადასახადებს არ იხდიან. თუ იმ სფეროს ავიღებთ, სადაც მე ვმოღვაწეობ - ქათმის ხორცის წარმოებას ვგულისხმობ, ჩვენ ბაზრის 55-60%-ს ვაწარმოებთ, სტატისტიკის მიხედვით კი ბაზრის 97%-ს ვაწარმოებთ, ანუ დანარჩენი ბიზნესიც აღურიცხავი და დაუბეგრავია.

საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა მცირე და დიდი ბიზნესების შემთხვევაში ერთია - ისინი კანონის ფარგლებში არ მუშაობენ. მაგალითისთვის გეტყვით, საქართველოში მილიონერები და მილიარდერები არიან, მაგრამ ვინ იხდის გადასახადს? სად არის მათი ქონების გადასახადი, რა შეიტანეს ბიუჯეტში, სად არის დამატებითი ღირებულების გადასახადი? ჩემი აზრით, საგადასახადო სამსახურმა ეს უნდა გამოაქვეყნოს - ვინ, რამდენს და როგორ იხდის და სად არის ეს ფული? საიდუმლო აქ არაფერია, საჯარო უნდა იყოს.

მე, როდესაც ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდი, ფული ბიუჯეტში მიდის, მაგრამ ეს არ ჩანს... ბიუჯეტი ჩემი კომპანიის მსგავსი კომპანიების გადასახადების ივსება და როდესაც აქ შენი წვლილი დიდი ან პატარაა ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს ჩვენი სიამაყის მაჩვენებელია“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

ბიზნესმენის მოსაზრებას თავის მხრივ გიორგი ქადაგიძეც დაეთანხმა და თქვა: „ეს უნდა იყოს Role Model-ი, რამეთუ ბიუჯეტში გადასახადების შეტანით აფინანსებს სახელწმიფოს მოთხოვნილებებს - უსაფრთხოება, პოლიცია, ჯარი, მასწავლებელი თუ სხვა“.

ცნობისთვის „ბარის“ ვრცელი გადაცემის ნახვას BMG-ის მაყურებელი 6 აგვისტოს „მაგთის“ (76 არხი) და „სილქნეტის“ (270-ე არხის), ასევე BMG-ის სოციალური არხებით შეძლებს.