მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ხელშესაწყობად შექმნილი ფონდისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარი ხელუხლებელია - კობერიძე საბოტაჟზე საუბრობს

5dc456875a215
BM.GE
07.11.19 21:40
1076
საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან არცერთი თეთრი არაა ათვისებული. ამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ BMG-ის გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა. მისი თქმით, სქემა, რომლის შესაქმნელადაც ეკონომიკის სამინისტრომ და პარლამენტმა ორი წელი იმუშავა, სამწუხაროდ არ ამუშავებულა.

"ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის დროს დაიწყო ამ სქემაზე მუშაობა, მათ შორის პარლამენტმა, ეკონომიკის კომიტეტმა, მე პირადად ვიყავი ჩართული, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს სქემა შემდგარიყო. რეალურად 2018 წლის ბიუჯეტში ჩვენ შევიტანეთ 20 მილიონი ლარი, იმისათვის რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაადვილების თვალსაზრისით, ეს ფონდი ამუშავებულიყო. რაც ძალიან დიდი სტიმული უნდა ყოფილიყო სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებისთვის, რაც ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ამოცანააა. როდესაც მე წელს ეს თემა მოვიკითხე არაერთხელ, სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ რომ მთელი 2019 წლის განმავლობაში, ეს პროგრამა არათუ ამუშავებულა, არამედ ამ საკრედიტო საგარანტიო ფონდის მეშვეობით არცერთი პროექტი არ არის განხორციელებული. ჩემი აზრით, ეს არის ამ პროგრამის ძალიან ხელოვნური საბოტაჟი და ვიღაც ცდილობს, რომ აქ დაგროვილი თანხა -20 მილიონი - გადაისროლოს უფრო სარფიან და მათთვის მორგებულ პროგრამაში. ეს პრეტენზია მე მქონდა ეკონომიკის მინისტრთან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ხოლო კითხვაზე, ვის შეიძლება აწყობდეს მსგავსი საბოტაჟი, კობერიძე პასუხობს:

"ეკონომიკის მინისტრის ან სამინისტროს მხრიდან, ან მეორე მხრივ, უნდა დავაბრალოთ სამოხელეო უპასუხისმგებლობას და დანაშაულს, რომ ვერ შეძლეს მთელი ამ დროის განმავლობაში იმ 20 მილიონის ათვისება... გარანტიების სახით უნდა გაიცეს ეს თანხა და მე როდესაც სადეპუტატო შეკითხვა გავაგზავნე, მინისტრისგან მივიღე პასუხი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მომართვიანობა არ იყო, თორემ შეიძლებოდა გაკეთებულიყო რაიმე ამასთან დაკავშირებით. ფული ბიუჯეტში ჩადებულია, მექანიზმი შემუშავებულია, ორი წლის გამავლობაში მიმდინარეობდა ამ თემაზე მუშაობა, და ქვეყანაში, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა, დეკლარირებულად, საუბრის დონეზე, პიარულად, „ბლაბლაბლას“ ასე დავარქმევდი, გამოდიან და ლაპარაკობენ იგივე მინისტრი იქნება თუ სხვა წარმომადგენლები, რომ კი უნდა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს და დავეხმარებით.. აქ არის მექანიზმი, თანხა და პარლამენტის მიერ დამტკიცებული სტრუქტურა ამ პროქტის მუშაობისთვის და რეალურად ვიღებთ იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა არც კი იცის რომ მსგავსი რამ არსებობს“.

კობერიძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრმა უნდა გააკეთოს განმარტებები იმის შესახებ, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ფონდი ვერ ამუშავდა.

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდა.
სქემამ უნდა უზრუნველყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 12 უმსხვილესი ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მიმდინარე წლის 25 ივლისს ჩაერთო. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ ჯერ საკრედიტო საგარანტიო ფონდიდან თანხების ათვისება არ მომხდარა.