მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს დააგვიანდა?! - ვინ და რატომ დარჩა ელ.ენერგიის 50%-იანი სუბსიდირების გარეშე

60194f4a4723d
ელენე გოგბერაშვილი
02.02.21 18:07
1198
„ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც არის საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოების პირველად დასაქმებაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50%-ს“, - ამ სიტყვებით დაამშვიდა 2020 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესი, რომელსაც სემეკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაეზარდა.

იანვრის შუა რიცხვებში კი, დაკონკრეტდა ეკონომიკური საქმიანობის 20-ზე მეტი დარგი, რომელსაც სუბსიდირება შეეხებოდა. მთავრობის დადგენილების თანახმადვე, სიაში შესასვლელად ბიზნესებს 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეევსოთ სპეციალური განაცხადი, რომელსაც მერე როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე - შემოსავლების სამსახური გადაამოწმებდა.

დღეს კი, bm.ge-ის რამდენიმე კომპანია დაუკავშირდა, რომელსაც უკვე გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფით მოუწია მოხმარებული დენის საფასურის გადახდა და შესაბამისად, აქვთ კითხვები - რატომ არ შეეხოთ 50%-იანი სუბსიდირება და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაპირებული შეღავათით დანარჩენი თვეების განმავლობაში ისარგებლონ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში გავარკვიეთ, საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიები, რომლებმაც https//www.registration.gov.ge-ზე სპეციალური განაცხადი არ ან ვერ შეავსეს, შეღავათები აწი არ შეეხებათ, არადა ბიზნესს რეგისტრაციისთვის მხოლოდ 2 კვირიანი ვადა ჰქონდა. ნათია თურნავას უწყებაში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დედლაინს ვადა უკვე გაუვიდა და ჯერჯერობით, უცნობია, მთავრობა ბიზნესს კიდევ ერთ შანსს მისცემს თუ - არა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50% არც იმ ბიზნესებს დაუსუბსიდირდათ, რომელთაც რეგისტრაცია გაიარეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობის სფერო როგორც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ასევე - შემოსავლების სამსახურმა უნდა გადაამოწმოს და ამის შემდეგ გადაწყდება სუბსიდირების საკითხი. „ამ ეტაპზე სპეციალური კომისია ამ განაცხადების გადარჩევის პროცესშია და მხოლოდ ამის მერე შესაბამის კომპანიებს იანვარში გადახდილი დენის საფასური ანგარიშზე კრედიტად დაუჯდებთ“, - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება იმას, რამდენმა კომპანიამ გაიარა რეგისტრაცია ანუ სავარაუდოდ, მაქსიმუმ რამდენს დაუსუბსიდირდება გაზრდილი ტარიფის 50% მთელი 2021 წლის განმავლობაში, ნათია თურნავას უწყებაში გვითხრეს, რომ ჯამში, 400-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

ეკონომიკის სამინისტროს შეფასებითაც, რეგიტრირებული საწარმოების რიცხვი ძალიან მცირეა, რაც მათ შორის ტექნიკური პრობლემით არის გამოწვეული. კერძოდ, რეგისტრაცია ვერ გაიარეს იმ საწარმოებმა, რომლებსაც ფართი იჯარით აქვთ აღებული. ეს ისეთი შემთხვევებია, როცა ფართის მფლობელის ეკონომიკური საქმიანობა სხვაა, ხოლო მეიჯარის - საკვები პროდუქტების პირველადი წარმოება, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს ან დამატებითი დოკუმენტები სჭირდება.

Bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროსთან კიდევ სხვა კითხვები აქვს, მათ შორის იმაზე, რამდენად სრულყოფილი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა კომერციული მომხმარებლების ინფორმირებისთვის, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთავრობის შესაბამისის დადგენილება 13 იანვარს გამოქვეყნდა და ბიზნესს რეგისტრაციისთვის მხოლოდ 2 კვირა ჰქონდა. ველით პასუხებს.

ეკონომიკის სამინისტროსთან კითხვები აქვს კერძო სექტორსაც. კომერცული აბონენტები მთავრობას არასათანადო კომუნიკაციის გამო აკრიტიკებენ.

საქართველოში კომერციული ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა, შესაბამისად, ბიზნესები კილოვატ საათზე საშუალოდ 5.5-6.5 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. უფრო კონკრეტულად კი, ახალი კომერციული ტარიფები ასე გამოიყურება.

2021 წლის პირველი იანვრიდან “ენერგო პროს” ქსელში ახალი ტარიფები ასე განისაზღვრა:

110-35 კვ. - ახალი ტარიფი - 28.267 თეთრი, ზრდა 13.407 თეთრი, რაც 90.2%-ია;
10-6-3.3 კვ. - ახალი ტარიფი - 30.879 თეთრი, ზრდა 14.628 თეთრი, რაც 90%-ია;
380-220 ვ - ახალი ტარიფი - 31.96 თეთრი, ზრდა 10.877 თეთრი, რაც 51.6%-ია.

“თელასის” ქსელში ახალი ტარიფები ასე განისაზღვრა:

110-35 კვ. - ახალი ტარიფი - 27.37 თეთრი, ზრდა 11.26 თეთრი, რაც 69.9%-ია;
10-6-3.3 კვ. - ახალი ტარიფი - 29.646 თეთრი, ზრდა 12.764 თეთრი, რაც 75.6%-ია
380-220 ვ - ახალი ტარიფი - 32.831 თეთრი, ზრდა 11.612 თეთრი, რაც 54.7%-ია.