იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ტოვებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, აბე დღეს გადადგომის შესახებ მმართველი პარტიის შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადებს. მოგვიანებით კი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თავისი ჯანმრთელობის შესახებაც განმარტებებს გააკეთებს.
როგორც ცნობილია, 65 წლის პრემიერი კეიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გასულ ორ კვირაში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა. როგორც ის აცხადებდა, იტარებდა სამედიცინო შემოწმებებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით კი ის მკურნალობდა წყლულოვანი კოლიტის გამო, რის გამოც ის იძულებული იყო 2007 წელსაც გადამდგარიყო პრემიერის პოსტიდან.
სინძო აბე 2012 წლიდან იკავებს იაპონიის პრემიერის პოსტს. მანამდე ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2006–2007 წლებშიც იყო.