მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლუაშვილი: "ვირუსის დინამიკასთან ერთად კრიტიკული 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრები იქნება"

5f89605ab4b01
ლიკა გურაბანიძე
16.10.20 22:41
848

“ეკონომიკური ზრდის ნაწილში ერთ-ერთი რისკი, იმ ფისკალური თუ მონეტარული სტიმულების ნაადრევი შეწყვეტა იქნება, რომელიც 2020 წელს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარა”, - ამის შესახებ თიბისი ბანკის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

თიბისი ბანკის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოზიტიური პროგნოზი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროგნოზების გაუმჯობესებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს.

“ერთი ის, რომ ფაქტობრივად მეორე კვარტალში ეკონომიკური ვარდნა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე IMF-ი თავიდან ელოდა, ასევე მესამე კვარტალში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ეკონომიკის აღდგენის დინამიკა მოსალოდნელზე სწრაფად წავიდა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ თუ ბოლო პერიოდს დავაკვირდებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნაკლებად ხდება და ამიტომ, 2021 წლის მოლოდინი შედარებით გაუარესებულია. თუ გლობალურ ეკონომიკაზე ჯამურად ვისაუბრებთ, წინა პროგნოზთან შედარებით დაახლოებით 0.2 პუნქტით ნაკლები ზრდაა ნავარაუდეvი.

IMF-თან შედარებით, თიბისი ბანკის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების ეკონომიკური ზრდის პესიმისტურ პროგნოზს, ვირუსის გავრცელების გაზრდილი დინამიკა და ლარის კურსის გაზრდილი მერყეობა განაპირობებს. ასევე, ვირუსის დინამიკასთან ერთად, კრიტიკული ბიუჯეტის პარამეტრები იქნება. ეკონომიკური ზრდის ნაწილში ერთ-ერთი რისკი, რაც არსებობს, იმ ფისკალური თუ მონეტარული სტიმულების ნაადრევი შეწყვეტა იქნება, რომელიც 2020 წელს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად დაეხმარა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა შედარებით ნაკლებ სტიმულირებაზე ეტაპობრივად გადავიდეს.” - განაცხადა ალექსანდრე ბლუაშვილმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველაზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. IMF-ის შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება, თუმცა ეს საშუალოვადიანი პროგნოზი მომავალში, შესაძლოა, კორექტირებას დაექვემდებაროს.