აშშ დოლარი არის მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტა, რომლის ფასიც არის მსოფლიოში საქონლისა და მომსახურების მთავარი დენომინატორი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკებს სწორედ აშშ დოლარში ზომავენ.
თუმცა, ნომინალურ გამოსახულებაში აშშ დოლარებში გაზომილი მსოფლიოს ეკონომიკა არ იძლევა სრულ სურათს იმის შესახებ თუ რა მოცულობის არის გლობალური ეკონომიკა. სწორედ აქედან ჩნდება მსყიდველობითი პარიტეტით გათანაბრებული დოლარის ცნება (PPP). ერთი დოლარი არის ერთი დოლარი, თუმცა მისი მეშვეობით განაში დაახლოებით სამჯერ მეტი საქონლისა და მომსახურების შეძენა არის შესაძლებელი ვიდრე აშშ-ში. შესაბამისად, ერთი დოლარის მსყიდველუნარიანობა განაში არის $3 PPP დოლარი.
სად არის ამ მხრივ საქართველო? საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უკანასკნელი შეფასებით, 2024 წლისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება საქართველოში უდრის $2.80 PPP დოლარს. შესაბამისად, IMF-ის შეფასებით, $1000 ნომინალური დოლარის ხელფასის მსყიდველუნარიანობა საქართველოში უდრის $2,800 PPP დოლარის მსყიდველუნარიანობას.
PPP დოლარის ადგილობრივი ღირებულება გამოითვლება მსყიდველობითი კალათის მიხედვით. უმეტესად, განვითარებად ქვეყნებში ერთი დოლარის მსყიდველუნარიანობა და ამ ქვეყნების PPP დოლარის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების PPP დოლარის მაჩვენებლები.
ერთ დოლარს აქვს სხვადასხვა მსყიდველობითი შესაძლებლობა არამხოლოდ მსოფლიოს გარშემო, არამედ თავად შეერთებულ შტატებშიც. მაგალითად ჰავაის შტატში საქონელი და მომსახურება საშუალოდ უფრო ძვირია, ვიდრე კანსაზში თუ ალაბამაში. თუმცა, მაგალითად ერთი აიფონ 15 ყველგან 799 დოლარი ღირს. ხოლო საქართველოში მისი ღირებულება 2,650 ლარს შეადგენს, რაც 960 დოლარია, ეს კი ამერიკაში არსებულ ფასზე $160 დოლარით მეტია. ანუ არა პირიქით უფრო იაფი, არამედ 20%-ით უფრო ძვირია. ანალოგიური შეიძლება ითქვას მთელ რიგ საქონელსა და მომსახურებაზე, განსაკუთრებით კი იმპორტირებულ სამომხმარებლო საქონელზე, რომელიც საქართველოში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აშშ-ში.
რა არის PPP დოლარის ღირებულება მსოფლიოს ქვეყნების გარშემო (IMF):
- აშშ-ში 1 დოლარი უდრის 1 PPP დოლარს;
- დიდ ბრიტანეთში 1 დოლარი უდრის 1.11 PPP დოლარს;
- საფრანგეთში 1 დოლარი უდრის 1.26 PPP დოლარს;
- გერმანიაში 1 დოლარი უდრის 1.21 PPP დოლარს;
- ესპანეთში 1 დოლარი უდრის 1.50 PPP დოლარს;
- შვეიცარიაში 1 დოლარი უდრის 0.84 PPP დოლარს;
- იტალიაში 1 დოლარი უდრის 1.44 PPP დოლარს;
- ლუქსემბურგში 1 დოლარი უდრის 1.04 PPP დოლარს;
- პოლონეთში 1 დოლარი უდრის 2.03 PPP დოლარს;
- რუმინეთში 1 დოლარი უდრის 2.16 PPP დოლარს;
- უკრაინაში 1 დოლარი უდრის 2.69 PPP დოლარს;
- მოლდოვაში 1 დოლარი უდრის 2.62 PPP დოლარს;
- საქართველოში 1 დოლარის უდრის 2.80 PPP დოლარს.
შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის ზომა, რაც 2023 წელს 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა, PPP დოლარებში 82 მილიარდი იყო. ერთ მოსახლეზე კალკულაციით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს 21,370 ლარი იყო, ეს მიმდინარე ფასებში დოლარებში $8,164-ის ტოლი, ეს კი თავის მხრივ 22,357 PPP დოლარი იყო.
საქართველოს მთავრობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს აკეთებს ლარსა და აშშ დოლარში, თუმცა ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მიმართულებებისა და ინდიკატორების BDD დოკუმენტი არ შეიცავს PPP დოლარებში დათვლილი ეკონომიკის პარამეტრებს. ამ პარამეტრების თანახმად, 2027 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 109 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც გაცვლითი კურსის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში 40.1 მილიარდი დოლარის ტოლი იქნება. იმ შემთხვევაში თუ PPP პარიტეტი უცვლელად შენარჩუნდება, საქართველოს მშპ 112.5 მილიარდი PPP დოლარი იქნება, ეს კი თავის მხრივ ერთ მოსახლეზე 30,308 PPP დოლარი იქნება.