მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.2%-მდე გაზარდა

imf საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ახალი პროგნოზით, ფონდი წელს საქართველოში 6.2%-იან ზრდას მოელის. შედარებისთვის აპრილის ანგარიშით, IMF-ი წელს ქვეყანაში მხოლოდ 4%-იან ზრდას მოელოდა. 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შორის ჯერჯერობით ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი საქართველოს ზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდს აქვს. გასულ კვირაში ზრდის მიმართულებით დააკორექტირა პროგნოზი მსოფლიო ბანკმაც და ორგანიზაცია წელს საქართველოში 5.9%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას მოელის. 

რაც შეეხება 2024 წლის პროგნოზს, IMF-ი მომდევნო წელს ქვეყანაში 4.8%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან - 5%-თან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ უფრო მაღალი საბაზო ეფექტით არის განპირობებული, 2025 წლისთვის კი ზრდის პროგნოზი 5.2%-ია, რაც აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზის ანალოგიურია. 

შედარებისთვის, საქართველოს მთავრობის ძირითადი მაკროეკონომიკური სცენარების მიხედვით, 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.5%-ით უნდა გაიზარდოს, 2024 წელს ზრდა 5.2%, 2025 წელს კი 5% უნდა იყოს. 

ფაქტობრივი მდგომარეობით, 2023 წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების 2023 წლის ზრდის მაჩვენებლებს და მათ ცვლილებას აპრილის პროგნოზთან მიმართებით ასეთია:

  • აზერბაიჯანი - 2.5%, კლება 0.5 პ.პ;
  • სომხეთი - 7%, ზრდა 2.5 პ.პ;
  • უკრაინა - 2%, ზრდა 5 პ.პ;
  • საქართველო - 6.2%, ზრდა 2.2 პ.პ;
  • რუსეთი - 2.2% ზრდა 1.8 პ.პ;
  • თურქეთი - 2%, კლება 0.7 პ.პ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები