მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს და სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აზერბაიჯანის შეამცირა

სომხეთი აზერბაიჯანი

მსოფლიო ბანკმა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ივნისში გამოქვეყნებულ წინა პროგნოზთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება 2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს გარდა, რეგიონის ქვეყნებიდან ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ სომხეთისთვის გაიზარდა. სომხეთის შემთხვევაში პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით, 5.6%-მდეა გაზრდილი.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.8 პროცენტული პუნქტით, 1.2%-მდე შეამცირა. ყაზახეთისთვის პროგნოზი 4.6%-ს შეადგენს, რაც ივნისის შეფასებასთან შედარებით ცვლილებას არ წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის ასეთია: მოლდოვა 1.9%, რუსეთის ფედერაცია 0.8%, თურქეთი 2.8% და უკრაინა 1.2%. აღნიშნული ქვეყნების პროგნოზები ივნისის შეფასებებთან შედარებით უცვლელია.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივების თანახმად, 2026 წელს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება (სხვაობა მითითებულია ივნისის პროგნოზთან შედარებით):

  • საქართველო: 7.0% (სხვაობა: +2 პ.პ)
  • სომხეთი: 5.6% (სხვაობა: +0.3 პ.პ)
  • აზერბაიჯანი: 1.2% (სხვაობა: -0.8 პ.პ)
  • ყაზახეთი: 4.6% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • მოლდოვა: 1.9% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • რუსეთის ფედერაცია: 0.8% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • თურქეთი: 2.8% (სხვაობა: 0.0 პ.პ)
  • უკრაინა: 1.2% (სხვაობა: 0.0 პ.პ).

მიმოხილვაში მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ რეგიონში ინფლაციური წნეხი კვლავ მაღალია, მათ შორის ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო. ამასთან, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები