26.სექტემბერი .2022 14:51

BM.GE-ის მთავარ რედაქტორს მთავრობის სხდომის გაშუქების უფლება დღესაც არ მისცეს

BM.GE-ის მთავარ რედაქტორს მთავრობის სხდომის გაშუქების უფლება დღესაც არ მისცეს
views 636
უკან

BMG TV-ის ჟურნალისტი და BM.GE-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის გასაშუქებლად მეორედ არ დაუშვეს.

„მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის პრესსამსახურს მთავრობის სხდომაზე დასასწრებად საშვის დაშვების მიზნით გავუგზავნე ჩემი მონაცემები, ისინი კომპანიის დირექტორს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ ჩემ გარდა, BMG-დან ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლო ადმინისტრაციაში მისვლა და სხდომის გაშუქება“, - განაცხადა თელარა გელანტიამ.

აღსანიშნია ისიც, რომ როგორც „ბიზნეს მედია საქართველოს“ დირექტორი თამუნა ქემერტელიძე ამბობს, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში თელარა გელანტიას ადმინისტრაციაში არდაშვების ოფიციალური მიზეზი 12 სექტემბერს, BM.GE-ს მთავარი რედაქტორის მთავრობის ადმინისტრაციაში არშეშვების ფაქტით გამოწვეული რეაქციებია.

„ველოდებით, მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის მენეჯერისგან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას; თუ მათგან პასუხს ვერ მივიღებთ, BMG საკითხის სამართლებრივი გზით გარკვევას შეეცდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 12 სექტემბერსვე, მაშინ, როდესაც თელარა გელანტია მთავრობის ადმინისტრაციაში ბევრი კითხვის დასმის გამო არ შეუშვეს, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციას მივმართეთ წერილით, სადაც ჟურნალისტისა და მთავარი რედაქტორის არდაშვების სამართლებრივი გზების ახსნას ვითხოვდით, თუმცა ადმინისტრაციამ წერილი არ ჩაიბარა და უკან დაგვიბრუნა.

აღსანიშნია, ისიც რომ 12 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ შემდგომი მთავრობის სხდომების გასაშუქებლად თელარა გელანტია ადმინისტრაციულ შენობაში დაიშვებოდა“, - განმარტავს თამუნა ქემერტელიძე.

შეგახსენებთ, რომ BMG-ის ჟურნალისტმა 12 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად ომბუდსმენს მიმართა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა