მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ჯავახეთში 1 115 მიწისძვრა მოხდა - რა არის მიზეზები?

62879d26ab33d
ნინი ლონგურაშვილი
20.05.22 22:05
10497
საქართველოში მიწისძვრის შემთხვევები გახშირდა. გასული თვენახევრის განმავლობაში ჯავახეთის ქედზე სულ 1 115 პატარა მიწისძვრა მოხდა. შესაძლო მიზეზების შესახებ BMG სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს გაესაუბრა. გოდოლაძე აცხადებს, რომ ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, ამიტომაც ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ აქ ხდება.

“ჩვენ არაფერი ამაში არ გვიკვირს, ეს არის ჯავახეთს ზეგანი, რომელიც თავისი ტექტონიკური წარმოშობიდან და გეოლოგიური სტრუქტურებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომპლექსური რეგიონია. ამ რეგიონს ორი სახის სეისმურობა აქვს. ბოლო 100 წლის მაგალითზე რომ გითხრათ, კარგი ის არის, რომ ეს სეისმურობა შედარებით დაბალია, ვიდრე მაგალითად კავკასიონის. რომ შევაჯამოთ, არაფერი არ ხდება განსაკუთრებული. ეს პულსაცია, რაც კავკასიას გააჩნია და მითუმეტეს ჯავახეთს, ჯობია ამ სახით იყოს, ვგულისხმობ პატარა მიწისძვრებს, ვიდრე მოხდეს დიდი და დამანგრეველი.” - ამბობს თეა გოდოლაძე.

BMG დმანისის მუნიციპალიტეტს გახშირებული მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზიანის მოსაკითხად ესტუმრა. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ მიწისძვრები მათ რეგიონში ყოველთვის იყო და მათთვის ეს სიახლე არ არის. საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, ბოლო პერიოდში მიწისძვრებზე გავრცელებულ ინფორმაციებს, ტექნოლოგიების განვითარებას და სოციალურ ქსელში სწრაფ გავრცელებას უკავშირებს.

“ჩვენი რეგიონი გამოირჩევა მიწისძვრებით, ეს ასე იყო ყოველთვის. ახლა, იმის გამო, რომ ინფორმაციის გავრცელება სწრაფად ხდება, მოსახლეობისთვის ჩანს, რომ თითქოს გახშირებულია და მიზეზების ძიებას იწყებენ. ამ დროს, დმანისის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის ძვრები ყოველთვის იყო.” - ამბობს პაატა ყულიაშვილი.

BMG-ის კითხვაზე, რა ზარალი მიადგა მოსახლეობას მიწისძვრების შედეგად და როგორ ეხმარება მათ ადგილობრივი ხელისუფლება, პაატა ყულიაშვილი პასუხობს, რომ ექსპერტების მიერ ზარალი დათვლილია და მოსახლეობის დასახმარებლად თანხებიც გამოყოფილია.

“ექსპერტები მოვიწვიეთ, დაითვალეს მათ მიყენებული ზარალი, შეისწავლეს ყველა სახლის მდგომარეობა და სადაც ყველაზე მეტი ზიანი იყო, მთავრობის განკარგულებით 370 000 ლარი გამოყოფილია სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად და დაახლოებით 20 სახლზე მეტს ზარალი აუნაზღაურდება”, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ექსპერტების თქმით, საქართველოში სეისმური საშიშროების მატარებელია მთიანი რეგიონები, კავკასიის მთიანეთი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც დასახლების სიმჭიდროვე ნაკლებია და შესაბამისად, მსხვერპლის რისკიც მცირეა. ამჟამად რეგიონზე მონიტორინგი მიმდინარეობს და მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები