მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 5 წელიწადში რამდენი ადამიანის დასაქმება შეძლო სახელმწიფომ?

5ef3567cacfd5
ელენე გოგბერაშვილი
24.06.20 22:00
1438
Bm.ge-მ დასაქმების სააგენტოდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია სახელმწიფოს დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შედეგად ბოლო წლების განმავლობაში რამდენი სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა. როგორც ცნობილია, სააგენტო ახორციელებს, როგორც მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამას, ასევე მოქმედებს სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მექანიზმი (დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას 50%-ის ოდენობით, არაუმეტეს თვეში 470 ლარისა, 4 კალენდარული თვის განმავლობაში). 2013 წლის დეკემბრიდან კი სამთავრობო პორტალი worknet.gov.ge ამოქმედდა, რომელიც სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს ერთამენთთან აკავშირებს.

სააგენტოს მიერ მოწოდებული 2015-2019 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფომ დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შედეგად ბოლო 5 წელიწადში 6,097 ადამიანი დაასაქმა. მათ შორის 367 კი შშმ პირია.



დასაქმების ხელშეწყობის სერვისებიდან ერთ-ერთი შრომის ანაზღაურების სუბსიდირებაა, რომლითააც სარგებლობა worknet.gov.ge-ში რეგისტრირებულ, სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს შეუძლიათ მოწყვლადი ჯგუფებიდან, მაგალითად როგორიც არიან დევნილები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები.

მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან შრომის ანაზღაურების 50%-ით სუბსიდირებას ითვალისწინებს, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, დიდად ეს მოტივატორი არ აღმოჩნდა დამსაქმებლებისთვის. გასული წლის მონაცემებით, სუბსიდირების მექანიზმი მხოლოდ სამმა დამსაქმებელმა გამოიყენა. დასაქმდა 3 ადამიანი, მათ შორის 2 შშმ პირია. 

სოციალური მომსახურების სააგენტო ასევე ყოველწლიურად ატარებს მოთხოვნადი პროფესიების გამოკვეთის მიზნით თვისობრივ კვლევებს. კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება თუ არა შემდგომში სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადება, ეს ცალკე თემაა, თუმცა სააგენტოში ამტკიცებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული ყველა კვლევა ბიზნესის გამოკითხვის შედეგებს ასახავს.

რამდენად თანხვედრაშია სააგენტოს დასაქმების პოლიტიკა ბიზნესის რეალურ მოთხოვნებთან, ეს თემა სპეციალისტების კრიტიკას ვერ სცდება.

“საქართველოში არაერთი წელია არსებობს სტრუქტურა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელმაც ჯერ ვებ-გვერდი გააკეთა, შემდგომ მონაცემთა ბაზას ვაკეთებო და ა.შ ჩვენ არ გვინახავს ხელშესახები შედეგი, რომ სახელმწიფომ გადამზადების მიმართულებით ან თუნდაც იმით, რაც დაიწყო, საზოგადოებას და ბიზნესს გადაუწყვიტა კონკრეტული პრობლემები“, - აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი.

რაც შეეხება შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, როგორც სააგენტოდან გვაცნობეს, გასული წლის მდგომარეობით, ბაზარზე ყველაზე საჭირო კადრი სასტუმრო საქმის სპეციალისტი, დურგალი/ავეჯის ამწყობის, ელექტრიკოსის და შემდუღებლის სპეციალისტი იყო. ჩამონათვალში ყველაზე ბოლო ადგილზე აღმზრდელის, მზარეულის, მიმტანის და რესტორნის სერვის მენეჯერის პოზიციები მოხვდა.

კერძო სექტორის გამოკითხვის შედეგად ცხადი ხდება, რომ მათთვის სახელმწიფოს დასაქმების ხელშეწყობის სერვისები დიდად ხელშესახები არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში ბიზნესს საჭირო კადრის მოსაძიებლად წასვლა უცხოეთში უწევს, რადგან ადგილობრივ შრომის ბაზარზე სათანადო კადრის მოძებნა ძალიან ჭირს.

„ბიზნესს სჭირდება ერთი ტიპის კვალიფიკაციის პროფესიონალები, რომლებიც შრომის ბაზარზე არ გვყავს ან გვყავს ძალიან ცოტა, შესაბამისად ბიზნესს ამ მიმართულებით ექმნება სერიოზული პრობლემები, მაგალითად ახორციელებ სოფლის მეურნეობაში რაღაც პროექტს და თქვენ გჭირდებათ ადამიანები, ვინც იცის როგორ ააშენოს ხეხილის ბაღი, როგორ მოუაროს, ასეთი ადამიანები არიან ცოტანი. ხშირად უწევს ბიზნესს ამ პროფესიონალების, მათ შორის საზღვარგარეთ მოძიება, ჩამოყვანა ან მათი მომსახურების დისტანციურად მიღება და ამაში დიდი თანხა იხარჯება. ბიზნესის ინტერესია ადგილზე მომზადდეს ან გადამზადდნენ ასეთი პროფესიონალები“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი.

ბაზარზე სათანადო კვალიფიკაციის მუშახელის პრობლემა ხშირ შემთხვევაში გადამწვეტი ხდება ბევრი ინვესტორისთვის, რადგან სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობენ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებაზე. სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იმ კადრების გადამზადება უნდა მოხდეს, რა საჭიროებაც რეალურად ბიზნესს უდგას.

„მთავრობა ამბობს, რომ მე ვამზადებ, პროფესიული განათლება აქ არის, არიან სტუდენტები, რომლებმაც დაამთავრეს ეს პროგრამები, ბიზნესი კი იძახის, რომ ეს ხალხი მე არ მჭირდება. ეს იმის ბრალია, რომ ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების განხორციელება არ ხდებოდა და ეს იმის ბრალია კიდევ, რომ მოთხოვნები ბიზნესისგან იცვლება ანუ მე რომ ვთქვი დღეს მჭირდება ასეთი შემდუღებელი, მთავრობა წავიდა და პროგრამა შექმნა ამ ჩემს მოთხოვნებზე, გამოწრთო ადამიანები 2 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ მე სხვანაირი შემდუღებელი მინდა, რადგან ტექნოლოგია ძალიან მაღლა მიდის. ბიზნესმა უნდა თქვას, რომ მე 3 წლის შემდეგ როგორი სპეციალისტი დამჭირდება", - აცხადებს გიორგი პერტაია.

ვნახოთ რა შეიცვლება შრომის ბაზარზე.  სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები მიმდინარე წლის იანვრიდან უკვე გადაიბარა დასაქმების სააგენტომ. ახალმა უწყებამ დაანონსა, რომ მასშტაბურ მომზადება-გადამზადების პროგრამებს კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით გეგმავენ. რას შეცვლის ახალი სტრატეგია, ესეც გამოჩნდება.