მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ოთხ წელიწადში პირველად, რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების შემოსავალი გაიზარდა

5d9e35fd170cf
შოთა ტყეშელაშვილი
09.10.19 23:13
2143
საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის პირველი ნახევრის არააუდირებული შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ოთხ წელიწადში პირველად, კომპანიის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა.

2019 წლის პირველი 6 თვის შემოსავალმა $85.1 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 5.7%-ით მეტია.

საოპერაციო ხარჯები კი, რომლებიც მეტწილად ლარშია ნომინირებული, შემცირდა 14.8%-ით და მან $65.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლარებში ეს შემცირება 6.6%-ს შეადგენს.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ერთდროულად შემოსავლების ზრდისა და ხარჯების შემცირების პირობებში საქართველოს რკინიგზის EBITDA-ს მაჩვენებელი (შემოსავალი პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებამდე) გაუმჯობესდა და $35.9 მილიონ აშშ დოლარს (+ 25.4% წ / წ) მიაღწია.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლების სტრუქტურა ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - $54.1 მილიონი, ზრდა 15.4%;
ტვირთების მომსახურება - $11.1 მილიონი ზრდა 10.1%;
ლოჯისტიკური მომსახურების შემოსავალი - $8.5 მილიონი, კლება 35.8%;
სამგზავრო გადაყვანები - $4.2 მილიონი, ზრდა 19.8%;
სხვა შემოსავალი (ძირითადად ჯართის გაყიდვა) - $2.1 მილიონი, ზრდა 26.5%.

2018 წელი საქართველოს რკინიგზამ რეკორდული 716-მილიონ ლარიანი ზარალით დახურა. ამ პერიოდში კომპანიის შემოსავალი 424.6 მილიონი ლარი იყო, რაც 2017 წელთან მიმართებით 9.9 მილიონით ნაკლები იყო. ტვირთების კატეგოების მიხედვით შემცირება ასეთია - ნავთობპროდუქტების გადაზიდვა - 96.2 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 10.8 მილიონი ლარი; მარცვლეულის გადაზიდვა - 7.6 მლნ ლარი, კლება 0.2 მილიონი ლარი; ლითონები - 9.8 მლნ ლარი, კლება წინა წელთან 0.2 მლნ ლარი.

თუმცა, ზარალის ძირითადი მდგენელი რკინიგზის აქტივების გაუფასურება იყო. 2014-2018 წლებში საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 56%-ით შემცირდა, რის გამოც ამ ორგანიზაციის აქტივების ხელახალი გადაანაგარიშება გახდა საჭირო.

2017 წლის ანგარიშგებაში რკინიგზის აქტივები 2,86 მილიარდ ლარად იყო შეფასებული, 2018 წლის ანგარიშგებაში კი რკინიგზის აქტივების ღირებულება 2,26 მილიარდ ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, ეს თანხა კომპანიის ზარალში აისახა.

2019 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიის ხარჯების 15%-იანი შემცირების ძირითადი მიზეზი სწორედ აქტივების გაუფასურებაა. ყველა კომპანიის აქტივებს დროთა განმავლობაში ცვეთა ერიცხება. ცვეთა ნებისმიერი კომპანიისთვის ხარჯს წარმოადგენს და ის ყველა კომპანიისთვის განსხვავებული მათემატიკური ფორმულით (მოდელით, რომელიც კომპანიის საქმიანობას ყველაზე მეტად შეესაბამება) ერიცხება.

თუმცა, თავად ცვეთის გაანგარიშებისთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს იმ აქტივის ღირებულება, რომელსაც ცვეთა ერიცხება. აქტივების გაუფასურების შედეგად კი საქართველოს რკინიგზის ცვეთის ხარჯი, რომელსაც ის ბუღალტრულ ანგარიშში ატარებს შემცირდა.

ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის სხვა ხარჯები გაზრდილია. მაგალითად 8%-ით მოიმატა რკინიგზაში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების ფონდმა.