მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა პორტს რკინიგზით დაუკავშირდება - პროექტს სახელმწიფო განახორციელებს

დავით ებრალიძე

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით ფოთის პორტს დაუკავშირდება. პროექტს სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ განახორციელებს. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორის დავით ებრალიძის განცხადებით, ტვირთმა, რომელიც საბოლოოდ მიდის პორტამდე, ქალაქის ტერიტორია უნდა გაიაროს, ამიტომ თიზ-ის ადმინისტრაცია მთავრობასთან ერთად ფიქრობს, დერეფნად თიზ-ის ტერიტორია იქნეს გამოყენებული.

„დღევანდელი სიტუაციით ყველა ტვირთი, რომელიც ფოთის პორტის გავლით შემოდის თიზ-ში ან პირიქით ხდება არსებული სარკინიგზო ხაზის გამოყენებით, რომელმაც უნდა გაიაროს ქალაქის ტერიტორია. ეს არც თუ ისე სწრაფი პროცესია, შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება მთავრობის მიერ, რომ ტვირთი თიზ-ის ტერიტორიის გავლით ჩვენი სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდეს პორტს. ეს სრულად ექცევა „საქართველოს რკინიგზის“ ქოლგის ქვეშ.

საუბარია 1800 მეტრის სიგრძის ტერიტორიაზე, სწორედ ეს მანძილი გვაშორებს ჩვენ პორტთან. შედეგად ქალაქის გადატვირთულობა, რომელიც შეინიშნება იგივე ავტომობილების მიმართულებით, იქნება მოხსნილი. შესაბამისად, თიზ-ის კომპანიები და არამარტო, რომელთაც ახლა უწევთ ქალაქის გავლით ტვირთის შეტანა პორტში, იქნებიან უფრო მოქნილები და უფრო სწრაფად, იაფად შეძლებენ პროდუქციის მიწოდებას პორტისთვის“,-განაცხადა რედაქტ2-თან ინტერვიუში დავით ებრალიძემ.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი თიზ-ებიდან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ერთადერთია, რომელსაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გააჩნია, შესაბამისად პროექტის ფარგლებში სწორედ ამ ინფრასტრუქტურის გაფართოება განიხილება.

„როცა ინდუსტრიული ზონა იქმნებოდა, სახელმწიფომ თავისი ვალდებულებების ფარგლებში ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოგვიყვანა საზღვრამდე, ეს იქნება ელექტროენერგია, წყალი, თუ სარკინიგზო ხაზი, რაც ჩვენი ძალებით გავაფართოვეთ და თიზ-ში შევქმენით დამატებით 150 მეტრი სიღრმის ჩიხი, რაც ჩვენს ინვესტორებს საშუალებას აძლევს შემოიტანონ გარკვეული პროდუქცია. ხაზი საშუალებას იძლევა დაახლოებით 7 ვაგონს მოემსახუროს. იგეგმება ამ ტერიტორიის უფრო მეტად გაფართოება და დაკავშირება ფოთის პორტთან“,-აცხადებს ებრალიძე.

მისი ინფორმაციით, პროექტის გეოლოგიური კვლევა უკვე შესრულებულია, რაც საშუალებას იძლევა პროექტის განხორციელება დაიწყოს.

„არ არის რთული პროექტი. 6 თვეში შესაძლებელია ამ მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მოეწყოს“, - აცხადებს ებრალიძე.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები